კონკურენტების პროტესტი უსაფუძვლო და არასპორტული იყო - გიგა ოჩხიკიძის კომენტარი
გიგა ოჩხიკიძემ 8-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს პირველი პარალიმპიური ოქროს მედალი მოუტანა - ამის თქმა ჯერ კიდევ შუადღეს შეგვეძლო, თუმცა მოხდა მცირე გაუგებრობა, მისი კონკურენტები მარცხს ვერ შეურიგდნენ და უსაფუძვლო პროტესტით ქართველი ბირთვის მკვრელის ჩემპიონობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. თუმცა, მხოლოდ რამდენიმე საათით, რადგან შესაბამისი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებმა, დეტალური ვიდეო-განხილვის შემდეგ, ოჩხიკიძეს დამსახურებული მედალი და პირველი ადგილი დაუბრუნეს. გიგამ Crystalsport-ს გამარჯვების პირველი ემოციები გაუზიარა.
რას ამბობს ოჩხიკიძე
არცკი ვიცი რა ვთქვა - დღეს იმდენი ვინერვიულე, რომ თამამად შემიძლია ვთქვა - პარალიმპიური ჩემპიონი რამდენიმე საათში 2-ჯერ გავხდი.
აღარ მინდა ამ თემის განვცრობა, მაგრამ ვიტყვი - მსაჯების გადაწყვეტილებებით ძალიან უკმაყოფილო ვარ. რამდენიმე თვის წინ, როდესაც იაპონიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოვიგე, ექვსივე ცდა სწორედ ასე ვისროლე და ყველა ჩამითვალეს, ახლა კი ექვსიდან ორი ჩამითვალეს და შემდეგ ამ ორსაც მედავებოდნენ.
სპეციალური კომისია სამი ქვეყნის, მაროკოს, პოლონეთისა და ირანის წარმომადგენლების გაერთიანებულ პროტესტს განიხილავდა - მათ პირი შეკრეს და გადაწყვიტეს ჩემთვის პარალიმპიური ჩემპიონობა ჩამოერთვათ.
ამ ბიჭებს ჩემს კონკურენტებს ვიცნობ და ისინი საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ არ მინახავს და სიმართლე გითხრათ, არც მაქვს ნახვის სურვილი, რადგან მათი საქციელი უსაფუძვლო, არასპორტული და არაკაცური იყო.
შეგახსენებთ, რომ გიგა ოჩხიკიძემ ბირთვი 9,66 მეტრზე ისროლა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურის შემდეგ, რომელიც პირველ ადგილზე 2016 წელს რიო დე-ჟანეიროში გავიდა, გახდა რიგით მეორე ქართველი ქართველი პარალიმპიური ჩემპიონი.