ჩაკვეტაძე საუკეთესო იყო - უოტფორდის ცუდი თამაში და პირველი მარცხი
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-4 ტურში „შეფილდ იუნაიტედმა’’ შინ „უოტფორდს’’ 1:0 მოუგო. „შეფილდ იუნაიტედმა'' მეტოქეს აშკარად აჯობა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. ამ სეზონში ჩაკვეტაძის გუნდი პირველად დამარცხდა, 4 ტურის შემდეგ მისი გუნდის ანგარიშზე 9 ქულაა.
ტომ ქლევერლის გუნდმა საწყის სამ ტურში ქულათა მაქსიმუმი დააგროვა, თუმცა მისმა ფეხბურთელებმა შეტევების განვითარების კუთხით კარგი თამაში მხოლოდ საწყის ორ ტურში აჩვენეს. მესამე ტურში „დერბის’’ მოუგეს, მაგრამ 3 ქულის მოპოვება ძალიან გაუჭირდათ, შეტევაში თამაშის ხარისხი მკვეთრად გაუარესებული იყო. თამაშის ხარისხი „შეფილდ იუნაიტედთან’’ ვერ გამოასწორეს.
დღევანდელ მატჩში „უოტფორდის'' შემადგენლობაში ერთადერთი ნათელი წერტილი გიორგი ჩაკვეტაძე იყო. შეცდომები ჰქონდა, რამდენჯერმე სივრცეში არაზუსტად იმოქმედა, ბურთი დაკარგა, თუმცა მეტწილად მის მოქმედებებში ის ტექნიკური არსენალი ჩანდა, რაც მას ინგლისის ჩემპიონშიფში ძალიან ბევრი მოთამაშისგან გამოარჩევს. „უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ სასტარტოში ათამაშა და 77-ე წუთზე შეცვალა. მოცემულ ვიდეოში ჩაკვეს შეცდომებიც შედის, რომ მისი დღევანდელი თამაშის შესახებ მაქსიმალურად ზუსტი სურათი შეგექმნათ.
ამ მატჩის შემდეგ ჩაკვეტაძე საქართველოში გაემგზავრება და ეროვნული ნაკრების შეკრებას შეუერთდება. სექტემბრის სანაკრებო პაუზისას საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, „მიხეილ მესხზე'' ჩეხეთს მიიღებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთი იქნება.
რაც შეეხება ჩაკვეტაძის შემდეგ საკლუბო მატჩს, ჩემპიონშიფის მე-5 ტურში „უოტფორდი'' „ქოვენთრის'' მიიღებს, შეხვედრა 14 სექტემბერს გაიმართება.