„ტექნიკურად სწორად ისროლა, დიდ უსამართლობას გადავრჩით“ - საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის შეფასება
როდესაც ამა თუ სპორტსმენის ასპარეზობა და დაფიქსირებული შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ბუნებრივია წინა პლანზე ყოველთვის გამოდის პროფესიული შეფასება და პროფესიონალების მოსაზრება. გიგა ოჩხიკიძის მიერ მოპოვებული პარალიმპიური ჩემპიონობა მისი კონკურენტების გაუგებარი პროტესტის გამო, რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა მალევე ყველაფერი დალაგდა.
რამდენად სწორად იყო ქართველი პარამძლეოსნობის მიერ შესრულებული ბირთვის კვრა, ამის თაობაზე Crystalsport-ს საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ესაუბრა
რას ამბობს ვასილ ბერიშვილი
მომხდარის გამო, გიგა ოჩხიკიძის ასპარეზობა კიდევ რამდენჯერმე გადავახვიე და თავიდან ვუყურე, მაგრამ მერწმუნეთ, ტექნიკურად ყველაფერი სუფთად შეასრულა და არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობდა.
სპორტის ამ სახეობაში ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბირთვი სროლის შესრულების დროს სახესთან რაც შეიძლება ახლოს უნდა გეჭიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში სროლას კი არა, გდებას გითვლიან. გიგას კი მსგავსი არაფერი გაუკეთებია.
პარალიმპიური თამაშებისთვის სპორტსმენები რამდენიმე წლით ადრე იწყებენ მზადებას, ყველაფერი დანარჩენი გვერდზე აქვთ გადადებული და როდესაც ასეთი უსამართლობის გამო, დგები სერიოზული საფრთხის წინაშე, რომ მედალი ჩამოგართვან, ეს ნებისმიერსთვის უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა ხდება.
შეგახსენებთ, რომ გიგა ოჩხიკიძეს რამდენიმე საათით ჩამორთმეული პარალიმპიური ჩემპიონობა დაუბრუნეს და სამართალმაც იზეიმა. ის პარალიმპიადამდე რამდენიმე თვით ადრე, ბირთვის კვრაში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.