115-წუთიანი დრამა: ნაპოლიმ 10-კაციანი პარმა დაამარცხა
იტალიის სერია A-ს მე-3 ტურში „ნაპოლიმ’’ „დიეგო მარადონაზე’’ „პარმას’’ დრამატულ მატჩში 2:1 მოუგო. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის მე-7 დამატებულ წუთზე ზამბო ანგისამ გაიტანა.
ანგარიში მე-19 წუთზე ანჟ-იოან ბონიმ პენალტის ნიშნულიდან გახსნა. 76-ე წუთზე „პარმა’’ 10 ფეხბურთელით დარჩა, „პარმას’’ მეკარე სუზუკიმ წითელი ბარათი მიიღო. სტუმართა კარში ამპლუით მცველი ენრიკო დელ პრატო ჩადგა. მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე ლუკაკუმ ანგარიში გაათანაბრა, ბელგიელმა სადებიუტო მატჩში შეაგდო. მე-7 დამატებულ წუთზე ზამბო ანგისამ ზუსტი თავური დარტყმით „პარტენოპეის’’ მოაგებინა.
ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო, შეტევებს ამწვავებდა, შესანიშნავ პასებს ასრულებდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში იდეალური დარტყმები არ ჰქონდა. მეკარისთვის მისი დარტყმების მოგერიება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. კვარას კარისკენ დარტყმის 11 მცდელობიდან 4 ზუსტი იყო, 3 არაზუსტი და 4 დაუბლოკეს. ასევე, მის აქტივში 4 საკვანძო პასია. ლუკაკუს გოლისას კვარა საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა, კვარა-სპინაცოლა-ლუკაკუს კომბინაცია ბელგიელის გოლით დასრულდა.
სერია A-ს საწყის სამ ტურში კვარას აქტივში გოლი და საგოლე პასია.
„პარტენოპეის'' ანგარიშზე 6 ქულაა. მე-4 ტურში „ნაპოლი’’ „კალიარის’’ ესტუმრება (15 სექტემბერი).