2023 წლის 27 მაისის შემდეგ - ლევერკუზენი ბუნდესლიგაში პირველად დამარცხდა
გერმანიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში ლევერკუზენის ბაიერმა ლაიპციგს უმასპინძლა. 2023 წლის 27 მაისის შემდეგ, ჩაბი ალონსოს გუნდი გერმანიის ჩემპიონატში პირველად დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ბაიერის ეს მარცხი ბევრს გაუკვირდა, რადგან ლევერკუზენი 2:0-ს იგებდა. ანგარიში 39-ე წუთზე ფრიმპონგმა გახსნა. 45-ე წუთზე სხვაობა ორამდე გრიმალდომ გაზარდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კამპლმა ერთი ბურთი გაქვითა.
მეორე ტაიმშიც ლევერკუზენი აქტიურობდა და მარკო როზეს შეგირდები კონტრ-შეტევებზე თამაშობდნენ. ამან შედეგი გამოიღო. 57-ე წუთზე ოპენდამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო მე-80 წუთზე ლაიპციგი წინ გაიყვანა.
ბაიერს მატჩის გადასარჩენად საკმარისი დრო ჰქონდა. მსაჯმა 10 წუთი დაამატა, მაგრამ ალონსოს შეგირდებს ძალები აღარ ეყოთ და დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ ლევერკუზენის ბაიერმა გასული სეზონის ბუნდესლიგაში არცერთი მატჩი არ წააგო და ჩემპიონი გახდა. ასევე, ალონსოს გუნდმა გერმანიის თასი და შემდგომში სუპერ თასიც მოიგო.