“კორტზე საკუთარი თავის პოვნა მიჭირდა“ - ჯოკოვიჩი პოპირინთან წაგების შემდეგ
ამერიკის ღია პირველობაზე მორიგი სენსაცია დაფიქსირდა. წლის ბოლო დიდი სლემის ტურნირს ნოვაკ ჯოკოვიჩი დაემშვიდობა. ლეგენდარული სერბი მესამე წრეში ალექსეი პოპირინთან 4 სეტში 4:6 4:6 6:2 4:6 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ჯოკოვიჩმა?
„ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ, ჩემი მორალური და ფიზიკური კონდიციები იდეალურ მდგომარეობაში არ იყო. არ ვიცი, რა დამემართა ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ. შესაძლოა მიზეზი განსხვავებული საფარი იყოს. ამან აშკარად იმოქმედა.
პარიზში ძალიან ბევრი ენერგია დავხარჯე და საუკეთესო ფიზიკური ფორმა დავკარგე. რეალურად, გამოფიტული ვიყავი და ეს პირველივე მატჩში გამოჩნდა. კორტზე საკუთარი თავის პოვნა მიჭირდა. არა უშავს, ცხოვრება გრძელდება.“
ცნობისთვის, ამ წაგების გამო ნოვაკმა 1900 სარეიტინგო ქულა დაკარგა და ATP რეიტინგში მე-4 ადგილზე დაქვეითდა. ასევე გეტყვით, რომ ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში ბოლოს ჯოკოვიჩი 2006 წელს დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ტურნირზე სენსაციურად კარლოს ალკარასიც დამარცხდა. ასევე, ამერიკის ღია პირველობას სტეფანოს ციციპასი გამოეთიშა.