დინამო ბათუმი, ასლან ბალაძე
Aa
Aa

„რამდენიმე ქართველის დამატება გვინდოდა, მათ საოცარი ფინანსური მოთხოვნები აქვთ“ - ბალაძე დინამო ბათუმის პრობლემებზე

ბათუმის „დინამო“ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 23-ე ტურს უმძიმეს მდგომარეობაში ხვდება - ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ბოლო ათი შეხვედრიდან მხოლოდ ერთში გაიმარჯვა. უსიამოვნო სერიის დასრულება ზღვისპირელებს ამჯერადაც გაუჭირდებათ, რადგან აჭარის დედაქალაქის მთავარ არენაზე მათი მეტოქე ქუთაისის „ტორპედო“ იქნება, რომელიც ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში ლიდერ „დილას“ მთავარი კონკურენტია და ყველანაირად შეეცდება წინა ტურში „შენგელია არენაზე“ გორელებთან განცდილი სამარცხვინო მარცხით შელახული რენომე აღიდგინოს. რა ხდება კლუბში და რა კეთდება არსებული კრიზისის დასაძლევად, ამის თაობაზე ასლან ბალაძემ, რომელმაც ლადო დვალიშვილის წასვლის შემდეგ გენერალურ დირექტორობასთან ერთად, სპორტული დირექტორობაც შეითავსა, Crystalsport-თან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა.

რა თქვა ბალაძემ

უნდა ვაღიაროთ, რომ გუნდი არ არის იმ კონდიციებში, როგორშიც უნდა იყოს, რასაც ბევრი ობიექტური მიზეზი აქვს. დაგვტოვა რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ და მათი სათანადოდ ჩანაცვლება ჯერჯერობით ვერ შევძელით.

კვალიფიციური ფეხბურთელები გვჭირდება და მათ დასამატებლად ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. იცით, რომ შუა სეზონში ევროპიდან მოთამაშებიის ჩამოყვანა ურთულესი საქმეა. დავუკავშირდით რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს და მათ ისეთი საოცარი ფინანსური მოთხოვნები ჰქონდათ, ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა.

დარჩება თუ არა სეზონის ბოლომდე ანდრეი დემჩენკო? ამაზე გადაჭრით ვერც დადებით და ვერც უარყოფით პასუხს ვერ გაგცემთ. მას აკავშირებს კონტრაქტი, სადაც არის ჩადებული პუნქტები, რომ Crystalbet ეროვნულ ლიგაში, საქართველოს თასსა და ევროტურნირებზე სათანადო შედეგები უნდა აჩვენოს. კონფერენს ლიგაზე ეს აღარ გამოუვა, დანარჩენ ორ ფრონტზე კი იმედები ჯერ გადაწურული არ გვაქვს.

„დინამო ბათუმი“ ბოლო 6-7 წლის განმავლობაში გამორჩეული ქართველი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული და სტაბილურად მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა. ასეთი პერიოდის მერე ჩავარდნა და უიღბლობა გასაკვირი არ გახლავთ. ახლა მიმდინარეობს შემადგენლობის გადახალისება და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს მალე გამოვასწორებთ.

სიცრუეა თითქოს მამუკა კობახიძე გვტოვებს - კაპიტანი ჩემპიონატის ბოლომდე ჩვენთან დარჩება. არც ის არის სიმართლე, რომ ჩვენს კლუბში ხელფასების გაცემა გვიანდება.

„დინამო ბათუმი“ ოცდაორი ტურის შემდეგ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 34 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ გორის „დილას“ 13 ქულით ჩამორჩება. ხვალ, ბათუმელები ოცდამესამე ტურის შეხვედრაში როგორც უკვე მოგახსენეთ „ტორპედოს“ უმასპინძლებენ და მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შაშიაშვილი ახალგაზრდებს: „გამოცოცხლდით, დინამოში თამაშობთ“
შაშიაშვილი ახალგაზრდებს: „გამოცოცხლდით, დინამოში თამაშობთ“