„ზუროსს შედეგი ჰქონდა, მის შემცვლელს ვერაფერი გავუგე“ - დერიუგინი ნაკრების თამაშზე
ნიკოლოზ დერიუგინს ქართული კალათბურთის ისტორიასა და განვითარებაში წარუშლელი კვალი აქვს დატოვებული. თავისი განუმეორებელი სათამაშო სტილით ის ყველასგან გამოირჩეოდა და ბუნებრივია, მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, სპორტის ამ სახეობის მატჩებს თვალყურს რეგულარულად ადევნებს. აქედან გამომდინარე, საინტერესოა მისი მოსაზრება საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო შეხვედრებზე, რომელიც ჩვენთვის წარუმატებლად დასრულდა და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საგზური ვერ მოვიპოვეთ.
რა თქვა დერიუგინმა
გუნდის შიდა სამზარეულოს არ ვიცნობ, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო და ნაკრებმა ლატვიაში ძალიან სუსტად ითამაშა.
არ ვიცი რისი ბრალია ეს ყველაფერი - ახალ მწვრთნელს პასიურობა შევატყვე. მთელ რიგ ეპიზოდებში მისგან დამაკლდა ის მითითებები, რაც შეხვედრის მსვლელობისას კალათბურთელებისთვის უნდა მიეცა. ილიას ზუროსის დროს ნაკრებს შედეგი ჰქონდა, მის შემცვლელს კი ჯერჯერობით ვერაფერი გავუგე.
ტომასონზე ბევრი არაფრის თქმა შემიძლია, თითქმის იგივე დონისაა, როგორებიც მისი წინამორბედები იყვნენ. მაღალი დონის ამერიკელები აქ ძალიან ძნელად ჩამოვლენ და ევროპის წამყვან ქვეყნებში თამაშს ამჯობინებენ.
ნიკოლოზ დერიუგინი საბჭოთა კავშირისა (1978-1985) და საქართველოს ნაკრების (1995-1996) ღირსებას იცავდა. ის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონია.