შეცვლებმა გაუმართლა და გაშვებას გადაურჩა - მიქაუტაძის გაყვანა საჟს მოუწონეს
მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მიმდინარეობისას ორჯერ მარცხდებოდა, „ლიონმა“ „სტრასბურგთან“ საშინაო შეხვედრაში გარდატეხის შეტანა მოახერხა, მეტოქე 4:3 დაამარცხა და მიმდინარე ლიგა 1-ში პირველი ქულები აიღო. ქართველი გულშემატკივრებისთვის ცუდი ის გახლავთ, რომ მასპინძლებმა ყველაფერი სათავისოდ მაშინ შემოატრიალეს, როდესაც გიორგი მიქაუტაძე მოედნიდან უკვე გასული იყო.
59-ე წუთზე „ოლიმპიკის“ დამრიგებელმა პიერ საჟმა ორმაგ ცვლილებას მიმართა და საქართველოს ნაკრების ფორვარდთან ერთად, ბრაზილიელი აბნერი შეცვალა. ამ დუეტის ნაცვლად გამოჩენილმა ნიგერიელმა გიფტ ორბანმა და ბელგიელმა მალიკ ფოფანამ კი, ლიონელებს მოაგებინეს - პირველი მათგანის ანგარიშზე დუბლია, მეორემ კი საგოლე პასი შეასრულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ Bein Sport-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში სწორედ ამაზე იყო ყურადღება გამახვილებული.
რა წერია სტატიაში
მეორე ტაიმის სტარტზე, 10-წუთიან მონაკვეთში მიღებული ორი გოლი „ლიონისთვის“ შოკისმომგვრელი გამოდგა, რის გამოც ცვლილებები აუცილებელი იყო ორბანი-ფოფანის დუეტის გამოჩენის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
საერთოდ, სანაკრებო პაუზის წინ მთავარი მწვრთნელის მოხსნა ყველაზე გამართლებულია, რადგან ახალ დამრიგებელს ფეხბურთელების გასაცნობად საკმარისზე მეტი დრო ეძლევა. ასი პროცენტით შეიძლება იმის თქმა, რომ ამ თამაშის წაგების შემთხვევაში, პიერ საჟს პოსტს დაატოვებინებდნენ - სწორი და დროული შეცვლებით კი მან არამხოლოდ მატჩის ბედი, არამედ საკუთარი მომავალიც გადაარჩინა.
გიორგი მიქაუტაძე ორშაბათიდან უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება და სანაკრებო მატჩებისთვის დაიწყებს მზადებას. „ლიონი“ კი მომდევნო შეხვედრას საფრანგეთის ჩემპიონატში 14 სექტემბერს, სტუმრად „ლანსთან“ გამართავს.