ხარბის და სულელის ამბავი | სცენარი, რომლითაც ყველამ წააგო
აურელიო დე ლაურენტისი, რომ ხელმომჭირნე, ხშირად უსამართლო და შეუვალი პიროვნება, რომ არის ეგ ახალი ამბავი არ გახლავთ. „ნაპოლის“ ოდიოზურ პრეზიდენტს სატრანსფერო ბაზარზე ტრანსფერების სრული კონტროლი მოსწონს და ხშირად ამ დროს ფეხბურთელები ზარალდებიან ხოლმე.
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგა და უამრავი უსამართლობა ყველამ კარგად ვიცით. ამჯერად საუბარი ვიქტორ ოსიმენზე და წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზეა, რომლის დროსაც დე ლაურენტისს სადავეები ხელიდან გაექცა და თავისმა სიხარბემ ფინანსურ ზარალამდე მიიყვანა.
„ნაპოლიმ“ მიმდინარე ზაფხულში რაფა მარინი, ალესანდრო ბუონჯორნო, ლეონარდო სპინაცოლა, დავიდ ნერეში, რომელუ ლუკაკუ, სკოტ მაკტომინეი და ბილი გილმორი შეიძინა. ჯამში ამ ტრანსფერებში კლუბმა 149.5 მილიონი ევრო გადაიხადა, გაყიდვებიდან კი მხოლოდ 11.5 მილიონი მიიღო. დე ლაურენტისი ვარაუდობდა, რომ ამ შემოსავალს ზემოდან ოსიმენის გაყიდვიდან მიღებულ 130 მილიონს (გამოსასყიდად ეს თანხა ჩაუწერეს) დაამატებდა და ზაფხულს პოზიტიურად დაასრულებდა, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ეს ბატონ აურელიოს წარმოუდგენია.
ნიგერიელში 130 მილიონი არავინ გადაიხადა. შემდეგ თანხა 100-მდე ჩამოწიეს, მაგრამ ევროპაში ამდენს მაინც არავინ იხდიდა. რჩებოდა მხოლოდ საუდის არაბეთი და მათაც საკმაოდ დიდ ხანს ალოდინეს, საბოლოოდ კი „ალ აჰლიმ“ „ნაპოლის“ 80 მილიონი შესთავაზა. ოსიმენს იქ წასვლა არ უნდა და „ჩელსის“ ელოდა, მაგრამ „პარტენოპეი“ ლონდონელებს ფინანსურ დეტალებზე ვერ შეუთანხმდა. ტრანსფერი ჩაიშალა, ვიქტორი ნეაპოლელებს შერჩათ. უფრო ზუსტად კი პირადად დე ლაურენტისს შერჩა და ახლა მისთვის სეზონში 10 მილიონის გადახდა მოუწევს, რაც მის გეგმებში საერთოდ არ შედიოდა.
ახლა 2 ვარიანტი რჩევა: 2 სექტემბრამდე ოსიმენი საუდის არაბეთში წავა, ან „ნაპოლიში“ დარჩება და მინიმუმ იანვრამდე B გუნდში იქნება, რადგან კონტეს გეგმებში ის არ შედის.
ოსიმენი „ნაპოლის“ ხელმძღვანელობაზე ძალიან არის გაბრაზებული და მისი ტრანსფერის ჩაშლაში მხოლოდ მათ ადანაშაულებს. ისიც აღსანიშნავია, რომ დე ლაურენტისის სიხარბის გარდა, თავად ნიგერიელსაც დიდი მადა აქვს და წლიური ხელფასის სახით საკმაოდ ბევრს (10+ მილიონი) ითხოვს. შესაძლოა თავი ახალი დროგბა ჰგონია, ან ეტოო, ვინ იცის. მაგრამ ფაქტია, რომ მან და მისმა აგენტმა რაღაცები სწორად ვერ გათვალეს, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა.
საბოლოოდ რა გამოვიდა და ვინ რა გამოდის? დე ლაურენტისი ხარბია, ოსიმენი კი სულელი, რომელიც მას და მის ჩახლართულ გარიგებებს ენდო, რამაც შესაძლოა მისთვის ეს მნიშვნელოვანი სეზონი მთლიანად ჩაუგდოს.