ალკარასის შემდეგ ჯოკოვიჩი - US OPEN-ზე სენსაციები გრძელდება
ჩოგბურთში ამერიკის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშება მოულოდნელობებითა და სენსაციებით აღსავსე გამოდგა. კარლოს ალკარასის მარცხის შემდეგ, ტურნირს კიდევ ერთი ფავორიტი, ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოეთიშა. 37 წლის სერბი მესამე წრეში ავსტრალიის სახელით მოასპარეზე ალექსეი პოპირინთან, რომელიც მსოფლიოში 28-ე ნომერია, ოთხ სეტში, 4:6, 4:6, 6:2, 4:6 დამარცხდა. ჯოკოვიჩი US OPEN-ის შარშანდელი გამარჯვებულია და იმის გამო, რომ ტიტულის დაცვას ვეღარ შეძლებს, 1900 ქულას დაკარგავს, რის გამოც მსოფლიოს რეიტინგში მეორედან მეოთხე პოზიციაზე გარანტირებულად ჩამოქვეიითდება და მას ალექსანდრ ზვერევი და კარლოს ალკარასი გაუსწრებენ. პოტენციურად კი სერბი უკან შესაძლოა დანილ მედვედევმა, ანდრეი რუბლევმა, კასპერ რუდმა და გრიგორ დიმიტროვმაც ჩამოიტოვონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოლე ტოპ-სამეულს 2023 წლის იანვრის შემდეგ პირველად დატოვებს.
2024 წელი ჯოკოვიჩისთვის ცალსახად წარუმატებელია და 7-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ვერც ერთი დიდი მუზარადის ტურნირი ვერ მოიგო. ავსტრალიის ღია პირველობაზე ის ნახევარფინალში დამარცხდა, როლანდ გაროსს მეოთხედფინალური მატჩის წინ ტრავმის გამო ჩაეხსნა, უიმბლდონზე ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა როგორც უკვე მოგახსენეთ, მესამე წრეში დაასრულა.
ამერიკის ღია პირველობა ლეგენდარულ სერბს კარიერის მანძილზე 4-ჯერ, 2011, 2015, 2018 და 2023 წლებში აქვს მოგებული, ასეთ ადრეულ ეტაპზე კი ამ ტურნირს ის ბოლოს 2006 წელს გამოეთიშა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნოლემ აღნიშნა, რომ მას ფიზიკური პრობლემები არ შექმნია და არც ტრავმა აქვს, უბრალოდ ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებას უდიდესი ენერგია შეალია, რის გამოც ძალები ამოეწურა და პოპირინთან თავისი კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა.