გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„რთული საღამო ჰქონდა“ | რას წერენ ფრანგულ პრესაში მიქაუტაძის თამაშზე

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა „სტრასბურგს“ 4:3 სძლია. მიქაუტაძეს რამდენიმე მომენტი ჰქონდა, რომლებიც ვერ გამოიყენა და 59-ე წუთზე შეცვალეს, მისმა ერთ-ერთმა კონკურენტმა, გიფტ ორბანმა კი დუბლი გააკეთა. მატჩის შემდეგ, ფრანგულმა გამოცემებმა „ლიონის“ ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები თამაში შეაფასეს და მიქაუტაძეზეც დაწერეს.

„რთული საღამო ფეხბურთელისთვის, რომლის სანაცვლოდაც 18.5 მილიონი ევრო გადაიხადეს. მიქაუტაძე ენერგიული იყო და პირველ ნახევარში აქტიურობდა, მაგრამ მასპინძლებმა თამაშში გარდატეხა მაშინ შეიტანეს, როცა მის ნაცვლად გიფტ ორბანი გამოვიდა. ორბანმა დუბლი გაიფორმა, მიქაუტაძე კი კვლავ სადებიუტო გოლის ძიებაშია“, - წერს Get French Football News-ი.

„მიქაუტაძე ამ მატჩით ბედნიერი ალბათ არ იქნება, რადგან მინიმუმ სამი მომენტი ჰქონდა და გოლი მაინც ვერ გაიტანა. მის კონკურენტს, გიფტ ორბანს მხოლოდ ორი შანსი დასჭირდა, რათა დუბლი გაეფორმებინა. მიუხედავად ამისა, მეცის ექს-მოთამაშე კვლავინდებურად საინტერესოდ მოქმედებს, როცა ბურთი აქვს და მისი და ლაკაზეტის დუეტი იმედისმომცემი ჩანს“, - აცხადებს Maxifoot-ი.

„ქართველი ფეხბურთელი დამაგვირგვინებელ ფაზაში კვლავინდებურად ნერვიულობს. სტრასბურგის წინააღმდეგ, იონსონმა მას რამდენჯერმე აჯობა და იყო მომენტები, როცა ლაკაზეტისთვის პასის გაკეთების ნაცვლად, ურტყამდა“, - წერს Butfootballclub-ი.

ცნობისთვის, „ლიონს“ 3 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილს იკავებს. მიქაუტაძის გუნდის მომდევნო მეტოქე „ლანსი“ გახლავთ, რომელსაც 15 სექტემბერს, სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მირჩევნია ილიას ვეჩხუბო“ | ვოლკანოვსკიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
„მირჩევნია ილიას ვეჩხუბო“ | ვოლკანოვსკიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა