მიქაუტაძემ მომენტები ვერ გამოიყენა | მისმა კონკურენტმა დუბლი მიითვალა, ლიონმა მოიგო
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საკუთარ კედლებში „სტრასბურგს“ დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი 1:3-ს აგებდა, მაგრამ მატჩი შემოატრიალა და 4:3 მოიგო.
მიქაუტაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, აქტიური იყო და გოლის გატანა რამდენჯერმე შეეძლო. გიორგის პირველი მომენტი 23-ე წუთზე შეექმნა, მაგრამ მისი დარტყმა კარლ-იოჰან იონსონმა მოიგერია. 44-ე წუთზე, 23 წლის თავდამსხმელი ხელსაყრელ მდგომარეობაში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, მაგრამ შვედ მეკარეს ვერც ამჯერად აჯობა. რამდენიმე წამში, მიქაუტაძეს ძალიან რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ მისი და იონსონის დუელი ისევ ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრას რაც შეეხება, მატჩში ანგარიში მეორე წუთზე გაიხსნა და სტუმრები სებასტიან ნანასიმ დააწინაურა. „ლიონმა“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გაათანაბრა. საგოლე შეტევაში მონაწილეობა მიქაუტაძემაც მიიღო, თავი კი კორენტინ ტოლისომ გამოიჩინა.
48-ე და 58-ე წუთებზე, „სტრასბურგმა“ ორი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც პიერ საჟიმ მიქაუტაძის შეცვლა გადაწყვიტა. გიორგის გარდა, მოედნიდან აბნერი გავიდა, რომელიც ქართველის კონკურენტმა, გიფტ ორბანმა ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელმა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. 61-ე წუთზე, აინსლი მაიტლანდ-ნაილსის გოლით ანგარიში 2:3 გახდა, 63-ე და 72-ე წუთებზე კი ორბანმა დუბლი მიითვალა.
ცნობისთვის, „ლიონს“ 3 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილს იკავებს. მიქაუტაძის გუნდის მომდევნო მეტოქე „ლანსი“ გახლავთ, რომელსაც 15 სექტემბერს, სტუმრად დაუპირისპირდება.