რუსი შეცვალა და გაიტანა - ქვილითაიას სადებიუტო გოლი არისში
გიორგი ქვილითაიას, რომელიც „არისს“ გასულ ზაფხულს „აპოელიდან“ შეუერთდა, ლიმასოლის კლუბის მაისურით სადებიუტო ბურთის გატანისთვის დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია და თავი კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურშივე გამოიჩინა. „არისმა“ საკუთარ მოედანზე „ომონია მაიოუს“ უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
ქვილითაიამ მატჩი თადარიგში დაიწყო, თუმცა თამაშში ჩართვა პირველივე ტაიმში მოუწია - 33-ე წუთზე, ტრავმის გამო შეხვედრის გაგრძელება რუსმა ფორვარდმა ალექსანდრ კოკორინმა ვეღარ მოახერხა და ის საქართველოს ნაკრების 30 წლის თავდამსხმელმა შეცვალა, რომელმაც საბოლოო ჯამში, 77-ე წუთზე მოწოდებული კუთხურის შემდეგ, თავური დარტყმით ერთადერთი და გამარჯვების მომტანი ბურთი გაიტანა. ბუნებრივია თამაშის შემდეგ შეხვედრის ქართველი გმირი მედიის წარმომადგენლების ყურადღების ცენტრის ქვეშ იყო.
რა თქვა ქვილითაიამ
სამი ქულის აღება იოლი ნამდვილად არ ყოფილა. პირველ ტაიმში სათანადოდ ვერ გამოვიყურებოდით. საბედნიეროდ, მეორე ნახევარში უკეთესები ვიყავით და ეს შესვენების დროს გასახდელში მწვრთნელისგან მიღებული დავალებების იდეალურად შესრულებით იყო განპირობებული.
მიხარია, რომ ამ გუნდის მაისურით პირველი გოლი გავიტანე, რადგან ახლა ადაპტაციის პროცესს გავდივარ. ერთი რამ ფაქტია - თანაგუნდელების საოცარი მხარდაჭერის ფონზე თავს როგორც სტუმრად კი არა, არამედ გუნდის ნაწილად ვგრძნობ.
ორი ტურის შემდეგ „არისს“ 6 ქულა აქვს და გათამაშების სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას. 14 სექტემბერს, სანაკრებო პაუზის შემდეგ ქვილითაია და მისი თანაგუნდელები „ომონია არადიპოუს“ სტუმრად შეხვდებიან.