ვალენსიას მე-17 გასაჭირი - მამარდაშვილის გუნდი ცხრილის ფსკერზეა
გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა და უკვე ცნობილია, რომ 2025 წლის ზაფხულიდან მერსისაიდელებს შეუერთდება, თუმცა იქამდე იჯარის წესით „ვალენსიაში“ მოუწევს დარჩენა, რომელიც სამი ტურის შემდეგ ესპანეთის ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და უიმედო აუტსაიდერია. თავად გიორგის ასპარეზობა, ისევე როგორც შარშანდელ სეზონში, შთამბეჭდავია, რაზეც „ბილბაოსთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება და „სელტასთან“ იაგო ასპასისთვის აღებული 11-მეტრიანიც მეტყველებს.
თუმცა, ფაქტია, რომ თუ გუნდმა თამაშის ხარისხი არ გამოასწორა, თავის წილ კრიტიკას მამარდაშვილიც მიიღებს. ესპანელმა სტატისტიკოსებმა დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ 1931 წლის 22 ნოემბრის შემდეგ, ანუ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში დებიუტიდან მოყოლებული, ეს მე-17 შემთხვევაა, როდესაც „ღამურებს“ საწყისი სამ ტურში სამივე მარცხი აქვთ. ამ ჩვიდმეტიდან ათ შემთხვევაში კი გუნდი ქვედა ლიგაში დაქვეითდა. ბოლოს ასეთ კოშმარულ სტარტს ადგილი 2016/2017 წლებში ჰქონდა, როდესაც პაკო აიესტარანის ხელმძღვანელობით ლევანტელებმა პრიმერადივიზიონი საშინლად დაიწყეს, რასაც ამ მწვრთნელის პოსტი შეეწირა.
ცნობისათვის, სამი ტურის შემდეგ „ვალენსია“ როგორც მოგახსენეთ ბოლო ადგილზეა და ბურთების შეფარდება 2:6-ზე აქვს. იოლი გასეირნება მამარდაშვილსა და მის თანაგუნდელებს არც მომდევნო ტურში ელით, რადგან ხვალ მათი მეტოქე ვალენსიურ დერბიში ის „ვილიარეალი“ იქნება, რომელმაც ლა ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო, 7 ქულა აქვს და ჯერჯერობით ლიდერ „ბარსელონას“ უახლოესი მდევარია.