„მირჩევნია ილიას ვეჩხუბო“ | ვოლკანოვსკიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. „ვოლკი“ გრძელი პაუზის აღებას აპირებს, რათა მომდევნო ჩხუბს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს და აცხადებს, რომ მაქს ჰოლოუეისა და ილია თოფურიას ორთაბრძოლის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
„UFC-იმ მითხრა, რომ ილიასა და მაქსის ჩხუბის ჩანიშვნას აპირებდა, მაგრამ მეგონა, მათი ორთაბრძოლა ცოტათი ადრე გაიმართებოდა. ამის გამო, გვიან მომიწევს ჩხუბი, მაგრამ არა უშავს. ყველაფერი კარგადაა. დავისვენებ და თოფურიასა და ჰოლოუეის გამარჯვებულს შევხვდები.
ვისთან მირჩევნია ჩხუბი, ილიასთან თუ მაქსთან? თოფურიასთან, რადგან დამამარცხა და მინდა, რევანში ავიღო. თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩემთვის მთავარი საჩემპიონო ქამრის დაბრუნებაა. ვინ გაიმარჯვებს? ალბათ, ჰოლოუეი მოიგებს. პროგნოზის გაკეთება რთულია. ილიას ძლიერი დარტყმები აქვს და მაქსის დაფინიშებას შეეცდება, მაგრამ „დალოცვილის“ ყბას დარტყმების ატანა შეუძლია და ვფიქრობ, ილიას მასთან გაუჭირდება“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ჩემპიონობა სწორედ ალექსანდერ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ იზეიმა. „ელ მატადორმა“ ლეგენდარული მეორე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.