საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია - ძიუდოს სამყარო 28 სექტემბერს შეიკრიბება
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის თარიღი ცნობილია. ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, ხმის მიცემის უფლების მქონე 56 დელეგატი 28 სექტემბერს ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ძიუდოს აკადემიაში შეიკრიბება და ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას.
დღის წესრიგში საარჩევნო პროცედურის ჩატარების გარდა, გათვალისწინებული იქნება ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნისა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრების დამტკიცება, იქამდე კი ფედერაციაში შემავალი სუბიექტები პრეზიდენტ გიორგი ათაბეგაშვილის მოხსენებას მოისმენენ. პრეზიდენტობის მსურველებმა საკუთარი კანდიდატურა 6 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.
ათაბეგაშვილი ფედერაციის ხელმძღვანელად ხუთი წლის წინ აირჩიეს, იქამდე კი ის გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებდა. რამდენიმე წლის წინ ძიუდოს სამყაროში დაძაბული ვითარება იყო, რის გამოც იმდროინდელმა პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა დაკავებული პოსტი დატოვა და დღის წესრიგში რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის ჩატარება გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ ძიუდო ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელი ოლიმპიური თამაშების შედეგების გათვალისწინებით ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა, რადგან საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მიერ მოპოვებული შვიდი მედლიდან ნახევარზე მეტი ძიუდოისტებზე მოდის.