წესების მიხედვით, რომელიც შესაცვლელია, იპონი არ იყო - ნუცუბიძე სულამანიძის ფინალზე
წლებია ვლადიმერ ნუცუბიძე ძიუდოს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრად ითვლება და როგორც ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე მსოფლისა თუ ევროპის ჩემპიონატებზე არაერთი მაღალი დონის შეხვედრა აქვს ნამსაჯი. აქედან გამომდინარე მისი კომპეტენტური აზრი სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრისთვის ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს და შესაბამისად, მასთან დაკავშირება გადავწყიტეთ. Crystalsport-თან ინტერვიუში ნუცუბიძემ პარიზში გამართულ ილია სულამანიძის რეზონანსულ ფინალურ ბრძოლასა და ძიუდოს წესებში არსებულ ლაფსუსებზე ისაუბრა.
ვლადიმერ ნუცუბიძე
არსებული წესების მიხედვით, რომელიც აშკარად შესაცვლელია, ილია სულამანიძის მიერ სელიმ კოცოევთან შესრულებული ილეთი სამწუხაროდ ვაზარი გახლდათ და არა იპონი.
წინა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ჩანაწერის სახით წესებში შევიდა ასეთი შესწორება - ორი იდაყვის დადების შემთხვევაში გდება ფასდება ვაზარად იმიტომ, რომ ზურგი აღარ ეხება ტატამის. აი, იპონის განმარტებაში კი იდაყვებთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი წერია, რაც ბუნებრივია აბსურდია. წესებში იპონზე ასე რომ ეწეროს - წელის დიდი ნაწილის შეხების შემთხვევაში, რაც ისედაც ვაზარს წარმოადგენს, იდაყვების ერთდროული ხმარება შეფასდება სუფთა გდებად - ასეთი სახის განმარტების შემთხვევაში მათ არანაირი არგუმენტი არ ექნებოდათ ჩვენს წინააღმდეგ.
როდესაც ვისმენ არბიტრების კრიტიკას, მუდამ ერთი და იგივე რაღაცას ვამბობ - თუ სიმართლის გაგება გვაინტერესებს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე ნათლად და გასაგებად წერია წესები და ჯობს ყოველთვის ამით ვიხელმძღვანელოთ.
კონკრეტულად ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მერწმუნეთ, ძიუდოში ძალიან ბევრი ცვლილება იგეგმება, რადგან გულშემატკივარი ტელევიზორთან იქნება ეს, თუ ტრიბუნაზე მუდამ შოუს ელოდება - ბოლო პერიოდში კი რა ხდება? ტაქტიკურმა ძიუდომ სანახაობრივი ძიუდო ჩაყლაპა და ძალიან ბევრი უმაღლესი კლასის ძიუდოისტიც კი ცდილობს სიფრთხილით იჭიდაოს, რამაც დამატებით დროში შეხვედრის გადასვლის ალბათობა ლამის 90-პროცენტამდე გაზარდა.
ვეცდები ავხსნა, როგორ ხდება ძიუდოში ცვლილებების ინიცირება - ყოველი ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, თითოეული ქვეყნის ფედერაციას ეგზავნება კითხვარი, სადაც ისინი წერენ საკუთარ რეკომენდაციებს. ამ ყველაფერს მოგვიანებით განიხილავს მრჩეველთა საბჭო, რომელიც არა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წევრებით, არამედ წარსულში ცნობილი ძიუდოისტებით არის დაკომპლექტებული. მრჩეველთა საბჭოსგან საკითხები გადაეცემა დირექტორთა საბჭოს და საბოლოო გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ მიიღება. საკუთარ მაგალითზე გეტყვით, რომ პირადად მე 35 საკითხი დავაყენე, რომელიც გადახედვას საჭიროებს.
შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძემ პარიზის ოლიმპიადაზე რამდენიმე შეხვედრა იმსაჯა და ყველა შემთხვევაში დაკისრებულ მოვალეობას თავი უმაღლეს დონეზე გაართვა. ქართველმა ძიუდოისტებმა კი წლის მთავარ სპორტულ ღონისძიებაზე გამოსვლა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულეს.