ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

მკაცრად დასაჯეს - ლოჩოშვილი სერია B-ში ერთი თვე ვერ ითამაშებს

იტალიური „კრემონეზეს’’ ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. სერია B-ს გასულ ტურში „პალერმოსთან’’ წაგებული მატჩის შემდეგ არბიტრს ზურგის არეში ხელი ჰკრა, წითელი ბარათი უჩვენეს, სადისციპლინო კომიტეტმა მომენტი განიხილა და ლუკა მკაცრად დასაჯა.

ასე რომ ლუკას იტალიის ჩემპიონატში შემდეგი მატჩის ჩატარების უფლება 5 ოქტომბერს, „ბარისთან’’ საშინაო შეხვედრაში ექნება, თუმცა მანამდე, 25 სექტემბერს „კრემონეზე’’ იტალიის თასზე „კალიარის’’ ესტუმრება.

26 წლის ქართველი მცველი კრემონულ კლუბში მესამე სეზონს იწყებს. ამ სეზონში პირველი ტური გამოტოვა, მეორე ტურში „კარარეზესთან’’ მატჩის მიწურულს გამოვიდა მოედანზე, სასტარტოში „პალერმოსთან'' დაბრუნდა, გოლის მომენტში შეცდა, თუმცა თუ გოლის მომენტს არ ჩავთვლით, აქტიური იყო და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ცხადია, თუ ემოციებს ვერ გააკონტროლებ და ეს მსაჯთან კამათის დროსაც გამოვლინდება, მკაცრად დაისჯები. 26 წლის მცველი უკვე საკმაოდ გამოცდილია, სერია A-სა და ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია და მნიშვნელოვანია იმის კარგად გააზრება, რომ რთულ მომენტებში ემოციების კონტროლი აუცილებელია.

„პალერმოსთან'' მატჩის შემდეგ „კრემონეზეს'' მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი სტროპამ განაცხადა, რომ ლუკამ კარგად ითამაშა, თუმცა მსაჯის სასტვენის შემდეგ გასახდელში უნდა წასულიყო და მსაჯთან არ უნდა ეკამათა, მით უმეტეს მაშინ როცა დაძაბულობაა.

ლუკას „კრემონეზესთან'' კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი სატრანსფერო თანხა 1,1 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები