რუსეთში თამაში ოპტიმალური ვარიანტი არაა - სანიოლი ტაბიძეზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „მიხეილ მესხზე’’ პრესკონფერენცია გამართა და ბევრ თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა ჯიმი ტაბიძის რუსულ კლუბში გადასვლას ეხებოდა. ვილის აზრით, ამ ეტაპზე რუსეთში თამაში ოპტიმალური ვარიანტი არაა.
ვილი სანიოლი: „მესმის რომ ამ ეტაპზე ფეხბურთელისთვის რუსეთში თამაში ოპტიმალური ვარიანტი არაა. მას უახლოეს დღეებში გავესაუბრები და გავიგებ მისი მოტივაციისა და გეგმების შესახებ. ჩემი დავალება ნაკრების წარმატებაა და ამ ეტაპზე ამ პოზიციაზე საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე. უკეთესი ვარიანტი არ მქონდა, ზოგი ტრავმირებულია, ზოგი გუნდის გარეშეა. მაგალითად, სანდრო კალანდაძე ცუდ ფორმაშია''.
ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ ჯიმი ტაბიძე რუსეთში დაბრუნდა და კარიერა მახაჩკალის „დინამოს’’ დაუკავშირა.
CrystalSport-ის ინფორმაციით, ჯიმის რუსეთში თამაში არ სურდა და ამ წინადადებაზე ორი თვის განმავლობაში უარს ამბობდა, თუმცა რადგან მისთვის საინტერესო ვარიანტი არ გამოჩნდა, ბოლოს ამ წინადადებას დათანხმდა.
ჯიმი ტაბიძე ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად იყო, თუმცა არ უთამაშია. 2017 წლიდან მოყოლებული ეროვნულ ნაკრებში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.