გიორგი მამარდაშვილი, ვილი სანიოლი, ირაკლი აზაროვი, ჯიმი ტაბიძე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, ლუკა გადრანი, შოთა ნონიკაშვილი
Aa
Aa

სანიოლი; ახალ პროექტს ვიწყებთ და ჩემთვის ყველაზე მთავარი კონკურენციაა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „მიხეილ მესხზე’’ პრესკონფერენცია გამართა და ბევრ თემაზე ისაუბრა. ვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებში ყოფნით ბედნიერია და ამ ეტაპზე საკუთარ თავს მხოლოდ ამ პოსტზე ხედავს: „საფრანგეთში დაბრუნება ჩემს გეგმებში არ შედის, მაგრამ მომავალში შეიძლება ვიმუშავო. ამ ეტაპზე აქ კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. სანამ ეს ასე იქნება, აქ ვიქნები და აქ მუშაობით კმაყოფილი ვიქნები''.

ვილი სანიოლს პირველი კითხვა მუნდიალზე გასვლის შანსზე ჰკითხეს. ფრანგი სპეციალისტის პასუხი ასეთი იყო: „ასეთ ამბიციებზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია. მუნდიალის შესარჩევი შემდეგ წელს იწყება. ივნისში საოცარი მომენტები გამოვცადეთ, ბრწყინვალე გამოცდილება მივიღეთ ნაკრების თითოეულმა მწვრთნელმა. გვსურს, ასეთი მომენტები განმეორდეს და მომავალშიც იყოს. ამ ეტაპზე ასეთ დიდ მიზნებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ფედერაციისა და ნაკრების თითოეული წევრი მაქსიმალურად იხარჯება, რომ საუკეთესოდ იმუშავოს.

როცა ერთა ლიგა შეიქმნა, მაშინ D ლიგაში ვიყავით, მაგრამ ახლა B ლიგაში ვართ და ასეთი დონის ნაკრებებთან თამაში შეგვიძლია''.

ემოციების კონტროლზე

„მარტიდან მოყოლებული ფეხბურთელებმა აჩვენეს, რომ მათ ისწავლეს ემოციების თავიანთ სასარგებლოდ გამოყენება, ემოციების კონტროლი. ყველა ახალი შესარჩევი ციკლი ახალი პროექტია და ახალ მიზნებზე სრული კონცენტრაციაა საჭირო. რამდენად ქართველად ვგრძნობ თავს, ეს ჩემთვის დიდად მნიშვნელოვანი არ არის. ახლა თბილისში ჩემთან ერთად ჩემი ოჯახია და კარგად ხვდებიან, თუ რატომ ვგრძნობ თავს კარგად, აქ ბედნიერი ვარ''.

ლუკა გადრანსა და შოთა ნონიკაშვილზე

„ახალი პროექტისა და ახალი მიზნების დროა. გადრანი სტაბილურად თამაშობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნონიკაშვილი სწავლობს, ვითარდება, ცდილობს პროგრესი აჩვენოს. მან ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა. ნონიკაშვილმა უკრაინაში საკმაოდ რთული გამოწვევა მიიღო, ახალ კლუბში გადავიდა. მჯერა, ორივე მოთამაშე ეროვნულ ნაკრებში კარგად ადაპტირდება''.

ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა იმ საკითხს, მიულოცა თუ არა საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაში: „ევროპის ჩემპიონატზე თამაში ბევრმა მომილოცა. რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტის მოლოცვას, ნუ დაუჯერებებთ ყველაფერს, რაც პრესაში იწერება''.

გიორგი მამარდაშვილზე

„მოხარული ვარ, რომ მამარდაშვილი ასეთ დიდ კლუბში გადავიდა, ეს კლუბი მსოფლიოს 10 საუკეთესო კლუბში შედის. მამარდაშვილი ასეთ კლუბში თამაშს იმსახურებს იქიდან გამომდინარე, რა თამაშიც მან ბოლო წლებში აჩვენა''.

ჩეხეთთან თამაშზე

„ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ყველა რთული თამაში ჩეხეთთან იყო. ახლაც რთული თამაში გველის''.

ირაკლი აზაროვზე

„მიხარია რომ ირაკლი დაბრუნდა. შენგელიას არყოფნაში მისი დაბრუნება გადავწყვიტე. კონკურენცია ყველაზე უკეთესი რამ არის, რაც შეიძლება მწვრთნელმა ისურვოს. ყველასთვის და მათ შორის ირაკლისთვის მთავარი არა საუბარი, არამედ მოედანზე გასვლა და თამაშია''.

სანიოლი ჯიმი ტაბიძეზე

„მესმის რომ რუსეთში თამაში ოპტიმალური ვარიანტი არაა. მას უახოეს დღეებში გავესაუბრები და გავიგებ მისი მოტივაციისა და გეგმების შესახებ. ჩემი დავალება ნაკრების წარმატებაა და ამ ეტაპზე ამ პოზიციაზე საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე''.

გურამ კაშია

„კაშიასთან ნაკრებში თამაშის დანებებასთან დაკავშირებით არ მისაუბრია. ვფიქრობდი და ახლა ვფიქრობ, რომ ის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იქნება. ის კარგი ღვინოსავითაა, უკეთესი და უკეთესი ხდება''.

სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ანტალ იაკობაშვილზე ისაუბრა, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი თქვა და უნგრეთის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

ალექსანდრე იაშვილი: „სამწუხაროდ, ანტალს საქართველოს ნაკრებში თამაში არ სურდა. ეროვნული ნაკრები ისეთი რამ არის, რომ მთელი სულითა და გულით უნდა გსურდეს ნაკრებში თამაში, მაგრამ მას ეს სურვილი არ ჰქონია. როცა მას ბოლოს ვესაუბრეთ, მისი გადაწყვეტილება უნგრეთის ნაკრებში თამაში იყო’’.

მსგავსი სიახლეები