მიქაუტაძის ლიონს კიდევ ერთი შემტევის დამატება სურს
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „ლიონს“ კიდევ ერთი შემტევის დამატება სურს. TheAthletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი შესაძლოა უილფრიდ ზაჰა გახდეს.
ტრანსფერის გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია, თუმცა, როგორც ორნშტეინი წერს, დიდი ალბათობით შეთანხმება შედგება და ზაჰა იჯარით „გალათასარაიდან“ „ლიონში“ გადავა.
კოტ-დ'ივუარის ნაკრების 31 წლის ფორვარდს მიმდინარე ზაფხულში „ლესტერი“ და „კრისტალ პალასი“ იწვევდნენ, თუმცა ზაჰა რამდენიმე კვირის წინ თურქულ კლუბში დაბრუნდა და ვარჯიში განაახლა. ზაჰა „გალათასარაიში“ შარშან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მას შემდეგ რაც „კრისტალ პალასთან“ მისი კონტრაქტი ამოიწურა.
„ლომების“ შემადგენლობაში ზაჰამ 43 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიპოვა და მეტწილად სათადარიგო სკამიდან გამოდიოდა.
ლიგა 1-ის სტარტზე განცდილი ორი მარცხის შემდეგ დღეს მიქაუტაძის „ლიონი“ შინ „სტრასბურს“ მიიღებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.