შახტარი ლაცაბიძეს გაანათხოვრებს - კლუბი ცნობილია
უკრაინელი ჟურნალისტის, იჰორ ბარბასის ცნობით, დონეცკის „შახტარი’’ ლუკა ლაცაბიძეს 6 თვით ოდესის „ჩერნომორეცში’’ გაანათხოვრებს.
20 წლის ცენტრალურ მცველს „შახტარის’’ პირველ გუნდში თამაშის შანსი არ მისცემია და ოდესურ კლუბში გადასვლა სათამაშო პრაქტიკის მიზნით გადაწყდა. „ჩერნომორეცი’’ უკრაინის უმაღლეს ლიგაში თამაშობს, საწყის 4 ტურში 3 ქულა დააგროვა, „შახტარმა'' აღნიშნულ კლუბში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გაუშვა იჯარით და ამ სიას ლუკა დაემატება.
2024 წლის ზამთარში ლაცაბიძე თბილისის „დინამოდან’’ „შახტარში’’ 700 000 ევროდ გადავიდა. შეძენამდე „შახტარი“ ლაცაბიძეს კარგად იცნობდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბთან ერთად 2023 წლის ზაფხულში როტერდამში გამართულ შეკრებაზე იმყოფებოდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. „შახტარს“ მისი გაფორმება გასული წლის ზაფხულში სურდა, მაგრამ მაშინ არაფერი გამოვიდა. ლუკა „შახტარს'' შეკრებაზე 2024 წლის იანვარში შეუერთდა, მთავარ მწვრთნელს თავი მოაწონა და საბოლოოდ მხარეები 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.
ცნობისთვის, ლაცაბიძე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ უკანახაზელად ითვლება და საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია.