კონფერენს ლიგის პლეიოფი | რატომ ვერ ითამაშა გოჩოლეიშვილმა შოტლანდიაში
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში, გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენის“ მეტოქე „კილმარნოკი“ გახლდათ. ქართველმა ფეხბურთელმა განმეორებით მატჩში ვერ ითამაშა, მაგრამ დანიური კლუბი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მაინც გავიდა.
ავტორიტეტული გამოცემის, Bold-ის ინფორმაციით, „გოჩოლამ“ დიდი ბრიტანეთის ვიზა ვერ მიიღო და შოტლანდიაში სწორედ ამიტომ ვერ გაემგზავრა. გიორგი დანიაში დარჩა და იაკობ ნეესტრუპის გუნდს ფონს გასვლა მის გარეშე მოუწია.
„კოპენჰაგენს“ პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდა მოგებული. დანიელები განმეორებით მატჩში მარცხდებოდნენ, მაგრამ 68-ე წუთზე, მაიოს ავტოგოლით წონასწორობა აღადგინეს და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ - 1:1 ( 3:1 ორი მატჩის ჯამში).
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში გოჩოლეიშვილს „კოპენჰაგენის“ მაისურით 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული. 3-ჯერ დანიის ჩემპიონატში ითამაშა, 3-ჯერ - კონფერენს ლიგაზე.