შეთანხმება მიღწეულია - ოსიმენი საუდის არაბეთში მიდის
როგორც ჩანს, ვიქტორ ოსიმენი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს და ეს მალე ოფიციალურადაც დადასტურდება.
იტალიური calcionapoli24 და Rai წერს, რომ „ალ აჰლიმ“ ოსიმენთან შეთანხმებას ოფიციალურად მიაღწია. საუბარია 4-წლიან კონტრაქტზე, წლიურად კი ნიგერიელი 40 მილიონ ევროს მიიღებს. ჯამში ის 160 მილიონს გამოიმუშავებს, თუ კონტრაქტის ბოლომდე საუდის პრო ლიგაში დარჩება.
წყარო წერს, რომ ოფიციალური შეთანხმება რამდენიმე საათში გამოცხადდება.
რაც შეეხება „ნაპოლის“, იტალიური კლუბი 100 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა „ალ აჰლი“ მხოლოდ 70-ს იხდიდა. წყაროს თანახმად, მხარეები სავარაუდოდ 80-85 მილიონ ევროზე შეთანხმდებიან და ხელსაც მოაწერენ.
calcionapoli24 წერს, რომ შეთანხმება თითქმის დასრულებულია.
იტალიური პრესა წერს, რომ მამუკა ჯუღელი მართალი ყოფილა, როცა მან თვეების წინ განაცხადა, რომ ოსიმენი საუდის არაბეთში წავიდოდა, კვარა კი მხოლოდ ევროპული გრანდებისგან მიღებულ წინადადებებს განიხილავდა.