ნინა თიბილაშვილი
Aa
Aa

ჯერ მედალს გავინაღდებ, სინჯზე მერე ვიფიქრებ - თიბილაშვილი პარალიმპიადის წინ

პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე, რომელმაც სტარტი დღეს აიღო, საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი მთავარი იმედი წინა თამაშების ვერცხლის პრიზიორი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილია, რომელიც მსოფლიოს თასის გამარჯვებული რამდენჯერმე გახდა, ხოლო ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული გუნდურ თანრიგშიც მოიპოვა. დასკვნით შეკრებაზე მყოფმა თიბილაშვილმა Crystalsport-თან ინტერვიუში საკუთარ შანსებსა და მოსამზადებელ ეტაპზე დეტალურად ისაუბრა.

რა თქვა თიბილაშვილმა

მზადების ბოლო ეტაპი იტალიაში დღეს დავასრულეთ, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდით და ნაყოფიერი ვარჯიშები გვქონდა. ხვალ საფრანგეთში გავემგზავრებით და ჩვენი დელეგაციის წევრებს შევუერთდებით.

ბუნებრივია, როგორც ყველა სპორტსმენის, ჩემი მთავარი ოცნებაც პარალიმპიური ჩემპიონობაა, თუმცა პარიზში ასეთი განწყობით მივდივარ - ჯერ მედალი უნდა გავინაღდო და სინჯზე უკვე მერე ვიფიქრებ და ვიბრძოლებ.

ამჟამად რეიტინგის მეორე ნომერი ვარ, თუმცა შეიძლება ისე მოხდეს, რომ ტურნირის დაწყების წინ პირველზე გადავინაცვლო. მთავარი კონკურენტები ჩინელი და პოლონელი ეტლით მოფარიკავეები არიან. პოლონელი რეიტინგის ლიდერია და ფინალამდე ერთმანეთს არ შევხვდებით. რაც შეეხება იმ ორ ჩინელს, რომელთაც რთულ მეტოქეებად მივიჩნევ, ისინი გადამწყვეტ შეხვედრამდე ყველა ვარიანტში შემხვდებიან და შეიძლება ერთი პირველივე წრეში დამიპირისპირდეს, მეორე კი ნახევარფინალში.

ვფიქრობ, რომ პარალიმპიადაზე ფიზიკურად კარგად მომზადებასთან ერთად, ფსიქოლოგიური მზაობაც უმნიშვნელოვანესია და ამ მხრივაც ვცდილობ, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყოს. საერთოდ მონაწილეთა რაოდენობის გაზრდასთან ერთად, რამდენიმე წლის წინანდელთან შედარებით ფარიკაობის სტილიც შეცვლილია და ვცდილობთ ამ ყველაფერს ალღო კარგად ავუღოთ.

ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი პარალიმპიურ თამაშებზე ხმლით ფარიკაობაში, სადაც მედლების მოპოვების კანდიდატებად მიიჩნევიან, 3 სექტემბერს იასპარეზებენ, ხოლო 4 სექტემბერს ძალებს რაპირით ფარიკაობაში მოსინჯავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარიზში ძალიან დიდი მისია გხვდათ წილად - პარასპორტსმენები პარალიმპიადაზე მიემგზავრებიან
პარიზში ძალიან დიდი მისია გხვდათ წილად - პარასპორტსმენები პარალიმპიადაზე მიემგზავრებიან