საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

სტუმრად ზელანდიასთან და იტალიასთან - ნოემბრის ტესტების დეტალები

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი ნოემბერში სამ მაღალი დონის ტესტ-მატჩს გამართავს და დეტალების შესახებ დღეს უკვე ყველაფერი ოფიციალურად დადგინდა. შემოდგომის სერიას ბორჯღალოსნები 10 ნოემბერს ახალი ზელანდიის მეორე გუნდთან ტესტით გახსნიან, რომელსაც მონპელიეში ჩაატარებენ და მასპინძელი სტადიონის შესახებ სულ მალე ყველაფერი გვეცოდინება.

ახალი ზელანდია XV 2022 წელს შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი იმ მორაგბეებისთვის სათამაშო პრაქტიკის დაგროვებაა, რომლებიც მაღალი კონკურენციის გამო ძირითად გუნდში ვერ ხვდებიან. ქართველი მორაგბეები ზელანდიელებს მსოფლიოს თასს გარეთ პირველად შეხვდებიან. მთავარ სარაგბო ტურნირზე კი ერთადერთხელ, 2015 წელს დავუპირისპირდით და მართალია მეტოქემ 43:10 გაიმარჯვა, თუმცა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი მამუკა გორგოძე დასახელდა.

ზელანდიელებთან მატჩიდან ზუსტად ერთ კვირაში რიჩარდ კოკერილის მომზადებული გუნდი გენუაში, „ლუიჯი ფერარისის“ სტადიონზე იტალიის ნაკრებს შეხვდება. ლიგურიის დედაქალაქის მთავარი არენა 1911 წელს გაიხსნა და მისი ტრიბუნები 33 200 გულშემატკივარზეა გათვლილი. იტალიელებთან აქამდე გამართული ხუთი თამაშიდან ბორჯღალოსნებმა ოთხი წააგეს, თუმცა მათი ბოლო დაპირისპირება 2022 წელს ბათუმში ქართველი მორაგბეების გამარჯვებით 28:17 დასრულდა.

2024 წლის უკანასკნელი მატჩი საქართველოს ეროვნული გუნდისთვის 24 ნოემბერს, თბილისში ტონგასთან თამაში იქნება. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში აშკარა უპირატესობა ქართველების მხარესაა, რომელთაც მეტოქე 5-ჯერ დაამარცხეს და თავად მხოლოდ 2 შეხვედრა წააგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დასანანი მარცხი ინგლისელებთან - მომდევნო მეტოქე ირლანდიაა
დასანანი მარცხი ინგლისელებთან - მომდევნო მეტოქე ირლანდიაა