ვინისიუსი: თუ თამაშის დროს რასიზმის ფაქტები კვლავ იქნება, ჩვენ უბრალოდ დავტოვებთ მოედანს
ვინისიუს ჟუნიორი კვლავ რასიზმზე საუბრობს. მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის თქმით, ის და მისი თანაგუნდელები მოედანს დატოვებენ, თუ მსგავსი რამ განმეორდება.
ფეხბურთელმა 2023 წლის 21 მაისს „მესტალიაზე“ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როდესაც „ღამურების“ გულშემატკივრები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში, ბრაზილიელის მისამართით სიტყვა „მაიმუნს“ სკანდირებდნენ.
„ვალენსიას“ 3 გულშემატკივარს ვინიუსიუსის შეურაცხყოფისთვის 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
როგორც ბრაზილიელი ფეხბურთელი ამბობს, ფეხბურთში რასიზმის საბოლოოდ აღმოფხვრის ერთადერთი საშუალება მატჩების შეჩერებაა.
„კლუბში ამაზე ხშირად ვსაუბრობთ. არა მხოლოდ მე, ყველა. მოთამაშეებმა თქვეს, რომ მსგავსი რამ თუ კიდევ მოხდება, მოედანი ყველამ უნდა დატოვოს. ასე რომ, იმ ადამიანებს, ვინც შეურაცხყოფა მოგვაყენა, გაცილებით დიდი ჯარიმის გადახდა მოუწევთ“, - განაცხადა ვინისიუსმა.