აზაროვი დაბრუნდა - ორი დებიუტანტი ნაკრების შემადგენლობაში
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სექტემბერში გასამართი უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა. ნახევარმცველ შოთა ნონიკაშვილისა და მცველ ლუკა გადრანის სახით, ეროვნულ გუნდში ორი დებიუტანტია. ნონიკაშვილი რამდენიმე კვირის წინ „იბერიადან“ უკრაინულ „ჩერკასში“ გადავიდა, რომელსაც „დინამო თბილისის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანდრეს კარასკო ამზადებს. რაც შეეხება გადრანს, ის ბოლო თვეებია ყაზახეთის ჩემპიონატში „კაირატის“ შემადგენლობაში მაღალ დონეზე გამოდის.
სასიამოვნო და საინტერესო სიახლეა ეროვნულ ნაკრებში ირაკლი აზაროვის დაბრუნება - ის სანიოლმა მარტში გასამართ პლეი ოფის მატჩებსა და ევროპის ჩემპიონატზე არ გამოიძახა, რის გამოც ფეხბურთელმა უკმაყოფილება საჯაროდ გამოთქვა. თუმცა, როგორც ჩანს, ფრანგმა მწვრთნელმა ამჯერად მისი ყოფნა ეროვნულ გუნდში საჭიროდ ჩათვალა და ახალგაზრდა მცველი ნაკრებს ერთა ლიგის საწყის მატჩებში დაეხმარება.
ეროვნული ნაკრები 2 სექტემბრიდან თბილისში შეიკრიბება. პირველ ტურში, 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდეგ სტუმრად ალბანელებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), გიორგი ლორია (ომონია), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი), ლაშა დვალი (აპოელი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი), ირაკლი აზაროვი (შახტარი), ლუკა გადრანი (კაირატი) ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ზურიკო დავითაშვილი (სტ.ეტიენი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე).