თასზე პალერმოსთან - ნაპოლის გზა ოქროს დუბლამდე
უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ წლევანდელი ევროსეზონი „ნაპოლის“ გარეშე ჩაივლის. ხვიჩა კვარაცხელიას და მის თანაგუნდელებს შარშანდელ სეზონში სერია A-ს უკანასკნელ ტურამდე ჰქონდათ შანსი, რომ მინიმუმ კონფერენს ლიგის საგზური მაინც მოეპოვებინათ, მაგრამ ბოლო თამაშები აშკარად ჩაუვარდათ და გათამაშება მე-10 ადგილზე დაასრულეს.
ანტონიო კონტეს მთავარ მწვრთნელად დანიშვნისა და ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნების ფონზე, პარტენოპეი სკუდეტოსთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, თუმცა ქომაგები კლუბისგან „ოქროს დუბლისთვის“ ბრძოლასა და კოპა იტალიის მოგებასაც ითხოვენ, სადაც პარტენოპეი 25 სექტემბერს 1/16-ფინალური ეტაპიდან ჩაერთვება და მისი პირველი მეტოქე „სტადიო მარადონაზე“ სიცილიური „პალერმო“ იქნება. მისი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი ნეაპოლელებს რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ ადგილობრივ „ლაციოსთან“ მოუწევთ ურთიერთობების გარკვევა.
არსებობის მანძილზე „ნაპოლის“ იტალიის თასის გათამაშება 6-ჯერ აქვს მოგებული და ბოლოს ამის გაკეთება 2019-2020 წლების სეზონში მოახერხა, როდესაც გადამწყვეტ შეხვედრაში ტურინის „იუვენტუსს“ მატჩის შემდგომ 11-მეტრიანი დარტყმების სერიაში აჯობა.