„ხმა ამოიღეთ, ყველაფერზე თავს ნუ აქნევთ“ - მათეუსმა ბაიერნი გააკრიტიკა
მატეის დე ლიხტის „ბაიერნიდან“ წასვლამ უდიდესი ხმაური გამოიწვია. ჯერ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ აღნიშნა, რომ ნიდერლანდელი მცველის გაყიდვის თაობაზე მისთვის არავის არაფერი უკითხავს და მას ძალიან არ უნდოდა ამ ფეხბურთელის გაშვება. ახლა კი ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ლოთარ მათეუსმა გააკეთა და „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელების გაკრიტიკებას არ მოერიდა.
რა თქვა მათეუსმა
ნიდერლანდელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და მისი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაშვება ერთ-ერთი ყველაზე სულელური გადაწყვეტილება გახლდათ, რაც კი ოდესმე „ბაიერნის“ ხელმძღვანელებს მიუღიათ.
დარწმუნებული ვარ, როგორც ადმინისტრაციული რგოლის წევრები, ასევე ფეხბურთელები ჩემს ნააზრევს სრულად იზიარებენ, მაგრამ ხმას ვერ იღებენ. სწორედ მათ მოვუწოდებ, გაჩუმების დრო ახლა არ არის და თუ საკუთარ აზრს არ გამოთქვამენ, შესაძლოა ხვალ გუნდიდან ისინი გაუშვან.
ცნობისთვის, დე ლიხტი „ბაიერნმა“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 50 მილიონ ევროდ გაყიდა და მისი წასვლის გამო გუნდის დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები ბუნდესლიგის პირველივე ტურში გამოჩნდა, როდესაც მიუნხენელებმა „ვოლფბურგი“ სერიოზული პრობლემების ფონზე, დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს.