გურამ კაშია ჩემპიონთა ლიგაზეა - სლოვანმა მიდტიულანდს მოუგო
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში სლოვანმა მიდტიულანდს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
გურამ კაშიას ოცნება ახდა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. მატჩი კი ძალიან სანახაობრივი გამოვიდა.
პირველივე წუთებიდან სლოვანმა შეუტია და რამდენიმე მომენტი შექმნა. გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა გურამ კაშიას, რომელიც 22-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის ჩაწოდების დროს ბურთთან პირველი გაჩნდა, მაგრამ მისი დარტყმა კარს დიდი მანძილით ასცდა.
33-ე წუთზე ტოლიჩმა სლოვანი დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ, სტუმართა გუნდი იმ დონეზე გააქტიურდა, რომ ვაისის შეგირდები საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.
41-ე წუთზე სიმსირმა წონასწორობა აღადგინა. გოლის ეპიზოდში მან გურამ კაშიასაც აუარა გვერდი. მეკარე კი უძლური აღმოჩნდა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარი დანიელთა უპირატესობით დაიწყო. 50-ე წუთზე სტუმრებმა გაიტანეს და წინ გავიდნენ. ამის შემდეგ, მასპინძლები გარკვეული პერიოდით მოიშალნენ და მათ კართან მომენტი მომენტზე იქმნებოდა, თუმცა ეს სიტუაცია დაძლიეს და შეტევაში გადავიდნენ.
82-ე წუთზე ტოლიჩმა დუბლი გაიფორმა და წონასწორობა აღადგინა. ფეხბურთელებმა ყველანაირი ტაქტიკური მონახაზი დაივიწყეს და ორივე გუნდი აქტიურ შეტევაში გადავიდა. კარგი მომენტი ჰქონდა მიდტიულანდს, თუმცა სლოვანის მეკარე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. შემდეგ შეტევაში კი ბარსეგიანმა შორიდან გაისროლა, დანიელთა კარი აიღო და მატჩის საბოლოო შედეგი 3:2 დააფიქსირა. ბრატისლავის სლოვანი ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.