გოლამდე ცოტა დააკლდა - კიტეიშვილის შტურმმა თასზე გაიმარჯვა
ავსტრიის თასის 1/16 ფინალში შტურმი რიდს ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. როგორც ყოველთვის, ოთარ კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელსაც საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა.
შტურმმა მოწინააღმდეგის დარბევა 23-ე წუთზე დაიწყო და 44-ე წუთზე უკვე 3:0-ს იგებდა, თუმცა პირველი ტაიმის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, რიდმა ერთი ბურთი გაქვითა.
იქამდე, სანამ 3:0 გახდებოდა, ოთარ კიტეიშვილს გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა. ქართველი ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია.
მეორე ტაიმში, კიტეიშვილის ჩაწოდებას ჯერ ხიფათი მოყვა და ბურთი კარის ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ ფეხბურთელებს შორის ლამის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო.
შტურმის თავდამსხმელი რიდის მეკარეს დაეჯახა, რამაც კონფლიქტი გამოიწვია. მსაჯმა სტუმრებს დუბლის ავტორი სიდი ჯატა გაუძევა, ხოლო კიტეიშვილს ყვითელი ბარათი ამოუღო.
ჯვაროსნების ნახევარმცველი მინდვრიდან 76-ე წუთზე გაიყვანეს. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა ყველა ტურნირზე ერთად 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.