„ქართველი მეკარის ამ კალიბრის გუნდში წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს“ | შოთა არველაძე მამარდაზე
ქართული ფეხბურთის ლეგენდა, შოთა არველაძე გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს გამოეხმაურა და მისი „ლივერპულში“ გადასვლა კოსმოსში გაფრენას შეადარა.
„გიორგი მამარდაშვილს ვულოცავ უდიდეს კლუბში ტრანსფერს და მიხარია, რომ მისი პროფესიონალიზმი და შრომა სათანადოდ დაფასდა. მოზარდი ფეხბურთელისთვის ოცნებები უცვლელია; ყველა ოცნებობს დიდ გუნდში მოხვედრაზე, ისე როგორც ათწლეულების წინ იყო ჩვენი და შემდგომი თაობების შემთხვევაში.
მამარდამ, თავისი გამორჩეული უნარებით დაიმსახურა, რომ ლივერპულის დონის კლუბში მოხვედრილიყო. ჩვენი საზომით, ქართველი მეკარის ამ კალიბრის გუნდში წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზეც დამტკიცდა, რომ ამ თაობის საზომი სწორედ ასეთ სიმაღლეებზე ფრენაა. წარმატებებს ვუსურვებ მას კარიერის ახალ ეტაპზე, მანამდე კი ვალენსიაში, გამორჩეულ მატჩებს ველოდებით“, - წერს არველაძე Facebook-ზე.
ქართველი მეკარის ტრანსფერი 35 მილიონი ევრო დაჯდა. „ჯვაროსნების“ მეკარე 1-წლიანი იჯარის წესით „ვალენსიაში“ დარჩება, „ლივერპულს“ კი 2025 წლის ივნისში შეუერთდება.
Transfermarkt-ის მონაცემებით, მამარდა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეა(45 მილიონი ევრო).