„კატაა, ძალიან მოქნილი და სხარტია“ | რას წერს ბრიტანული გამოცემა მამარდაშვილზე
This is Anfield-ი სპორტული ვებგვერდია, რომელიც საკუთარ მკითხველს „ლივერპულთან“ დაკავშირებულ სიახლეებს აწვდის. ბუნებრივია, This is Anfield-ი გიორგი მამარდაშვილის „წითლებში“ ტრანსფერსაც გამოეხმაურა და ქართველი მეკარე დაახასიათა.
„გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში გადმოვიდა და მიმდინარე სეზონში, მის თამაშზე დაკვირვება საინტერესო იქნება, რადგან ის წითლების მომავლის გოლკიპერია. მამარდაშვილმა ესპანეთში ყველა გააოცა. ღამურებმა მის სანაცვლოდ 850 000 ევრო გადაიხადეს და გიორგი სარეზერვო გუნდისთვის შეიძინეს.
ლა ლიგის სეზონის დაწყებამდე, გუნდში საკადრო პრობლემები გაჩნდა და ხოსე ბორდალასმა მამარდაშვილს ნდობა გამოუცხადა. გიორგიმ შესანიშნავი სეივები მიითვალა, გუნდს ქულა მოუტანა და ვალენსიას პირველი მეკარე გახდა. ბოლო სამი წელია, ის ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და იმდენად საიმედო გახლავთ, რომ გვრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ბევრად დიდი ხანია მაღალ დონეზე ასპარეზობს.
მასში გადახდილი 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი, რასაც ბონუსები დაემატება, იაფია. მამარდაშვილი უმაღლეს დონეზე მინიმუმ კიდევ 10 წელიწადი ითამაშებს და პროგრესის მიღწევა შეუძლია. გადახედეთ ლა ლიგის გასულ სეზონს და ნახავთ, რომ მამარდაშვილი საუკეთესოთა შორის იყო. Opta-ს სტატისტიკით, მან ვალენსია 8.2 მოსალოდნელი გოლისგან იხსნა, რაც ესპანეთში უმაღლესი მაჩვენებელი, ევროპის ტოპ 5 ლიგაში კი მე-3 საუკეთესო შედეგი იყო.
მამარდაშვილი კატაა. ოღონდ 2 მეტრის სიმაღლის მქონე კატა. გიორგი გიგანტია და არანაირი უფლება არ აქვს, ისეთი მოქნილი და სხარტი იყოს, როგორიც არის. გასული სეზონის განმავლობაში, იყო მომენტები, როცა ფორვარდები გოლს აღნიშნავდნენ და საზეიმოდ გარბოდნენ, მაგრამ უეცრად, გიორგი უსწრაფეს რეაქციას ავლენდა და ბურთს ხელით ან ფეხით იგერიებდა.
მას საოცარი რეფლექსები აქვს და პოზიციას კარგად არჩევს, რაც მაგიის მოხდენის საშუალებას აძლევს. მამარდაშვილი კარგად კითხულობს, ფორვარდები ბურთს რა მიმართულებით უშვებენ და სწორ ადგილას, დიდი ძალისხმევის გარეშე ჩნდება. სიმაღლიდან გამომდინარე, მას შეუძლია, სტანდარტულებისას დომინანტი იყოს და ეს არის კომპონენტი, რომელშიც ძალიან მოუმატა. თუმცა, როგორც თანამედროვე მეკარეების უმრავლესობას, მას ურჩევნია, ბურთი მუშტებით მოიგერიოს, ვიდრე დაიჭიროს.
როცა ბურთი მის გუნდს აქვს, მამარდაშვილი სათანადო დონეზე ასპარეზობს და ამ მხრივ პროგრესირებს, მაგრამ გამბედავ პასებს ერიდება და პრესინგისას, მეტოქეთა ამოწევას წინ დარტყმას ამჯობინებს. მართალია, მისთვის გოლის გატანა რთულია, მაგრამ გიორგი არის მეკარე, რომელიც პროაქტიულობასა და მეტოქეებისთვის შანსის არ მიცემას, გუნდის კარის ხაზზე გადარჩენას ამჯობინებს“, - წერს სპორტული ვებგვერდი.
ცნობისთვის, მამარდაშვილის ტრანსფერი 35 მილიონი ევრო დაჯდა. „ჯვაროსნების“ მეკარე 1-წლიანი იჯარის წესით „ვალენსიაში“ დარჩება. „ლივერპულს“ კი 2025 წლის ივნისში შეუერთდება.