კვარას თანხმობა მიიღეს | ნაპოლი ხვიჩას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ნეაპოლურმა გამოცემამ, Il Mattino-მ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გაავრცელა. Il Mattino-ს ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა და „ნაპოლიმ“ საერთო ენა გამონახეს და „კვარა“ „პარტენოპეისთან“ ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.
კვარაცხელიამ კლუბს თანხმობა უკვე შეუთვალა. განახლებული კონტრაქტით, მისი ყოველწლიური ანაზღაურება 6 მილიონამდე გაიზრდება, რასაც ბონუსები დაემატება. ხვიჩა ოფიციალურ დოკუმენტებს ხელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ მოაწერს.
ცნობისთვის, „კვარას“ „ნაპოლიში“ დარჩენაში დიდი წვლილი გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ შეიტანა. იტალიელი სპეციალისტი თვლის, რომ კვარაცხელია მისი პროექტისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მასთან ერთად, დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა გარემარბმა მიმდინარე სეზონში სადებიუტო გოლი „ბოლონიასთან“ მატჩში გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. მომდევნო ტურში, „კვარას“ „ნაპოლი“ „პარმას“ დაუპირისპირდება და შეხვედრა 31 აგვისტოს, თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.