ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

ლოჩოშვილი კრემონეზეს სასტარტოში დაბრუნდა - გოლისას შეცდა

იტალიის სერია B-ს მესამე ტურში „კრემონეზე’’ შინ „პალერმოსთან’’ 0:1 დამარცხდა. მიმდინარე სეზონში „კრემონეზეს’’ მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი სტროპამ ლუკა ლოჩოშვილი სასტარტოში პირველად ათამაშა.

ლუკა თავდაჯერებული, ძალიან მონდომებული და აქტიური იყო, ბურთს ხშირად ითხოვდა, შეტევაში ჩართვის არაერთი მცდელობა ჰქონდა. დაცვაში საიმედო იყო, თუმცა გოლის მომენტში შეცდა, რობერტო ინსინიეს განეიტრალებას ცდილობდა, სამწუხაროდ ინსინიემ აჯობა.

Sofascore-მა სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ლუკა ბურთს 67-ჯერ შეეხო, 58-დან 54 პასი ზუსტად შეასრულა. დრიბლინგის ერთი მცდელობა ჰქონდა და წარმატებული იყო. მინდორზე 4-დან 2 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე ორივე ორთაბრძოლა დათმო.

26 წლის ქართველი მცველი კრემონულ კლუბში მესამე სეზონს იწყებს. ამ სეზონში მეორე ტურში „კარარეზესთან’’ მატჩის მიწურულს გამოვიდა მოედანზე, დღეს კი სასტარტოში იყო და, თუ გოლის მომენტს არ ჩავთვლით, კარგად ითამაშა.

სერია B-ს მესამე ტურში „ფროზინონე’’ – „მოდენას’’ მატჩი 1:1 დასრულდა. „ფროზინონეს’’ ქართველი გარემარბი გიორგი კვერნაძე თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო, როცა მისი გუნდი 1:0-ს იგებდა. სამწუხაროდ, მატჩის მიწურულს დეფრელმა „ფროზინონეს’’ გაუტანა და მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

„კრემონეზემ'' სამ ტურში 3 ქულა მოიპოვა: 1 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი. რაც შეეხება „ფროზინონეს'', ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია, კვერნაძის გუნდის აქტივში 2 ქულაა.

მსგავსი სიახლეები