გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდა: ვალენსიამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა.

„ვალენსიამ'' 23 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი 35 მილიონ ევროდ „ლივერპულში'' გაყიდა, მიმდინარე სეზონს ქართველი მეკარე იჯარით „ვალენსიაში'' გაატარებს და 2025-26 წლების სეზონის დაწყების წინ „ენფილდზე'' გადავა. ტრანსფერი „ლივერპულმა'' ოფიციალურად დაადასტურა.

გიორგი მამარდაშვილი: „მოგესალმებით, „ვალენსიაზე'' და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან ყველა ეტაპზე ვგრძნობ. სიტყვები არ არის საკმარისი გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რაც „ვალენსიამ'', ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა. „ვალენსიამ'' შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი „ვალენსიაში'' და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში. ყველამ ვიცით, როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც. ამიტომ, როგორც არასდროს ისე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე!''

ამ ტრანსფერში 30 მილიონი ევრო ფიქსირებული თანხაა, 5 მილიონი ბონუსების სახითაა გათვალისწინებული.

გამოცემა Relevo-ს ჟურნალისტი, ნაჩო სანჩისი ტრანსფერის დეტალებზე წერს და აკონკრეტებს, თუ რა ბონუსების სისტემაზე შეთანხმდნენ კლუბები. „ვალენსია“ მიიღებს დამატებით შემოსავალს ყოველ ჯერზე, როდესაც „ლივერპული“ ევროთასების საგზურს მოიპოვებს. გარდა ამისა, ბონუსებია გათვალისწინებული მამარდაშვილის მიერ ჩატარებული მატჩების კონკრეტულ რაოდეონობაზე. ასევე, მერსისაიდელებს დამატებითი თანხის გადახდა მოუწევთ ყოველ ჯერზე, როდესაც „ლივერპული“ ტიტულს მოიგებს. „ვალენსია“ დამატებით შემოსავალს მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ უახლოეს 6 წელიწადში „ლივერპული“ პრემიერლიგას მოიგებს. მოკლედ, თუ მხარეების მიერ შეთანხმებული ყველა პირობა შესრულდება, „ვალენსია“ „ლივერპულისგან“ კიდევ 5 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები