ბარახა მამარდაზე: კარგი სიახლე ისაა, რომ ის ჩვენთან დარჩება
„ბილბაოსთან“ მატჩის წინ „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სხვა საკითხებთან ერთად, „ღამურების“ თავკაცმა გიორგი მამარდაშვილის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
რუბენ ბარახა:
„ჩვენთვის ყველაზე კარგი სიახლე ისაა, რომ მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში ჩვენთან დარჩება. კლუბმა კარგი, ფინანსურად მომგებიანი ტრანსფერი განახორციელა, ხოლო თუ სპორტული კუთხით შევხედავთ, ფეხბურთელი ჩვენთან დარჩება და კონკურენციას გაუწევს სტოლე დიმიტრიევსკისა და ხაუმე დომენეკს.
როდესაც რომელიმე ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე ინტერესს იწვევს და კლუბს მიღებული წინადადება აკმაყოფილებს, მე, როგორც მწვრთნელს, ამ სიტუაციასთან შეგუება მიწევს - ასე ხდება ყველა კლუბში. თუმცა მამარდას შემთხვევაში კარგი ის არის, რომ ის კვლავ ჩვენთან არის“.
„ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს - „ღამურები“ დათანხმდნენ „წითლების“ 35-მილიონიან შეთავაზებას, საიდანაც 30 მილიონი ფიქსირებული თანხის, 5 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.
ლა ლიგის მე-3 ტურში „ვალენსია“ „ბილბაოს“ ესტუმრება. მატჩი 28 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.