მამარდას ტრანსფერის დეტალები | რა ბონუსებზე შეთანხმდნენ ლივერპული და ვალენსია
„ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს - „ღამურები“ დათანხმდნენ „წითლების“ 35-მილიონიან შეთავაზებას, საიდანაც 30 მილიონი ფიქსირებული თანხის, 5 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.
გამოცემა Relevo-ს ჟურნალისტი, ნაჩო სანჩისი ტრანსფერის დეტალებზე წერს და აკონკრეტებს, თუ რა ბონუსების სისტემაზე შეთანხმდნენ კლუბები.
- „ვალენსია“ მიიღებს დამატებით შემოსავალს ყოველ ჯერზე, როდესაც „ლივერპული“ ევროთასების საგზურს მოიპოვებს.
- გარდა ამისა, ბონუსებია გათვალისწინებული მამარდაშვილის მიერ ჩატარებული მატჩების კონკრეტულ რაოდეონობაზე.
- ასევე, მერსისაიდელებს დამატებითი თანხის გადახდა მოუწევთ ყოველ ჯერზე, როდესაც „ლივერპული“ ტიტულს მოიგებს.
- მეტიც, „ვალენსია“ დამატებით შემოსავალს მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ უახლოეს 6 წელიწადში „ლივერპული“ პრემიერლიგას მოიგებს.
საერთო ჯამში, თუ მხარეების მიერ შეთანხმებული ყველა პირობა შესრულდება, „ვალენსია“ „ლივერპულისგან“ კიდევ 5 მილიონ ევროს მიიღებს.
გარდა ამისა, როგორც Relevo წერს, მამარდაშვილი იმედგაცრუებულია იმით, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მისთვის პრიორიტეტული არა „ვალენსიაში“ იჯარით დარჩენა, არამედ „ბორნმუთში“ იჯარით გადასვლა იყო.
„ვალენსიასადმი“ ქართველი მეკარის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მიმდინარე სეზონში მისი ხელფასი უცვლელი დარჩება (1,8 მილიონი ევრო). მამარდა „ლივერპულისგანაც“ მიიღებს ბონუსს, თუმცა ეს თანხა ჯამში მაინც ჩამოუვარდება იმ 4 მილიონ ევროს, რომელსაც საქართველოს ნაკრების მეკარე „ბორნმუთში“ იჯარით გადასვლისას მიიღებდა“, - წერს ნაჩო სანჩისი.