საზონოვი „ტორინოს“ იჯარით ტოვებს, თუმცა სერია ა-ში რჩება
საბა საზონოვი იჯარით „ემპოლიში“ გადავა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს.
მისი ინფორმაციით, დღეს „ემპოლი“ და „ტორინო“ სამ ფეხბურთელთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას გააოფიციალურებენ.
„პიეტრო პელეგრი და საბა საზონოვი „ემპოლიში“ იჯარით გადავლენ და კლუბს მათი გამოსყიდვის უფლებაც ექნება. ორივე ფეხბურთელმა ტურინის დატოვების მზადყოფნა უკვე გამოთქვა. თავის მხრივ, საპირისპირო მიმართულებით გაემგზავრება სებასტიან ვალუკევიჩი, რომლის სანაცვლოდაც „ტორინო“ 5 მილიონ ევროს გადაიხდის“, - წერს დი მარციო.
„ტორინომ“ საზონოვი მოსკოვის „დინამოდან“ 2,7 მილიონ ევროდ 2023 წლის ზაფხულში შეიძინა. მიმდინარე სეზონში საზონოვმა მხოლოდ ერთხელ ითამაშა - ქართველი ცენტრალური მცველი „მილანის“ წინააღმდეგ მატჩში მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა.
რაც შეეხება „ემპოლის“, ორი ტურის შემდეგ ის სერია ა-ს სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა.