შაშიაშვილი ახალგაზრდებს: „გამოცოცხლდით, დინამოში თამაშობთ“
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ Crystalbet ეროვნულ ლიგაში ოცდაორი ტურის შემდეგ 25 ქულით მეშვიდე ადგილზეა და პლეი აუტის ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს. წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა და თბილისური კლუბის ყოფილმა კაპიტანმა, გიორგი შაშიაშვილმა შექმნილი პრობლემების შესახებ Crystalsport-თან ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა და კრიტიკასაც არ მოერიდა. მისი აზრი ასევე ძალიან საინტერესოა ქვეყნის 19-გზის ჩემპიონის ავსტრიელი მთავარი მწვრთნელის, ფერდინანდ ფელდჰოფერის შესახებ, რომელიც 2008-2009 წლების სეზონში გრაცის „შტურმში“ გიორგის თანაგუნდელი გახლდათ.
რა თქვა შაშიაშვილმა
მესმის, რომ თბილისის „დინამოს“ აქცენტი გუნდის გაახალგაზრდავებაზე აქვს გაკეთებული, მაგრამ ეს ახალგაზრდები ისე მაინც უნდა თამაშობდნენ, რომ კლუბი არა გასავარდნ ზონასთან ახლოს, არამედ საწყის სამეულში იყოს.
ერთადერთი დადებითი, რაც ამ სიტუაციაში ადამიანმა შეიძლება დაინახო არის ის, რომ თავის გამოჩენის საშუალება ბევრ ნიჭიერ მოთამაშეს ეძლევა. თუმცა, ამ ბავშვებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ ამხელა ტრადიციების მქონე გუნდის მაისურის ტარება უბრალო საქმე არ არის.
ვუყურე „იბერიასთან“ (0:3) შეხვედრას და დავინახე ფეხბურთელები ჩამქრალი სახეებით, რომელთაც არანაირი მოტივაცია არ ჰქონდათ და თითქოს ერთი სული ჰქონდათ, როდის მისცემდა მსაჯი საფინალო სასტვენს. ისინი უნდა გამოცოცხლდნენ და კიდევ უფრო მეტად დაიხარჯონ, სხვანაირად არაფერი გამოვა.
ფელდჰოფერი ძალიან ჭკვიანი ცენტრალური მცველი გახლდათ და საკმაოდ კარგი მწვრთნელიცაა. უბრალოდ, ამ თანამდებობაზე ცუდ დროს დაინიშნა და ბევრი ვერაფრის შეცვლას ვერ ახერხებს. ერთადერთი, რაშიც მისი დადანაშაულება შეიძლება ის არის, რომ ჯერჯერობით ფეხბურთელების მოტივირება ვერ შეძლო.
ამპლუით ცენტრალური მცველის, გიორგი შაშიაშვილის ანგარიშზე თბილისის „დინამოში“ 1996-2006 წლებში გამართულ 148 შეხვედრაში 7 ბურთია. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული 32 მატჩიდან 23 ძირითადში დაიწყო, 9-ჯერ შეხვედრაში ცვლილებაზე ჩაერთო და ერთადერთი გოლი იტალიის ნაკრების ლეგენდარულ მეკარეს ჯანლუიჯჰი ბუფონს გაუტანა.