„საუკეთესოს ძებნა აღარ მოუწევთ“ – The Telegraph-ის სტატია მამარდაშვილზე
რამდენიმე საათში გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურად „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდება და ბუნებრივია, 23 წლის ქართველი მეკარე ინგლისური სპორტული პრესის მთავარი სალაპარაკო თემაა. მას შემდეგ, რაც ალისონმა განაცხადა, რომ მერსისაიდულ გრანდში ასპარეზობას კიდევ რამდენიმე სეზონით გეგმავს, ცხადი გახდა, რომ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, „წითლები“ მამარდაშვილს თავის ამჟამინდელ კლუბ „ვალენსიაში“ იჯარით დატოვებენ და მასზე უფრო სამომავლო გათვლებს გააკეთებენ.
სწორედ ამაზეა გამახვილებული ავტორიტეტულ ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-ის სტატიაში ყურადღება, სადაც წერია, რომ მამარდაშვილი ისეთ კლუბში გადასვლას არასოდეს თანხმდება, სადაც სათადარიგოს როლი ექნება და სწორედ ამიტომ, ის წლევანდელ სეზონში „ღამურებში“ დარჩება და ისედაც მაღალ კლასს კიდევ უფრო მეტად აიმაღლებს.
რას წერენ მამარდაზე
ქართველი მეკარე „ლივერპულის“ ახალი სპორტული დირექტორის, რიჩარდ ჰიუზისა და ასევე ახალი აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ ედვარდსის განხორციელებული პირველი ტრანსფერი იქნება. 25 მილიონ ფუნტს „წითლები“ „ღამურებს“ ახლავე გადაუხდიან, 5 მილიონს კი მოგვიანებით დაუმატებენ.
გათვლა სავსებით გამართლებულია - როდესაც ალისონი წასვლას გადაწყვეტს, რომელიც ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო მეკარე თუ არ არის, ხუთეულშიც მაინც შედის, მერსისაიდელებს საუკეთესოს ძებნა აღარ დასჭირდებათ, რადგან გიორგი მამარდაშვილის სახით მათ განკარგულებაში უძლიერესი გოლკიპერი იქნება.
ბრაზილიელი კარის დარაჯი თავის დროზე ლივერპულელებმა „რომადან“ საკმაოდ ძვირად, 65 მილიონად შეიძინეს და სანამ „ჩელსი“ კეპა არისაბალაგაში 80 მილიონს არ გადაიხდიდა, ალისონის ტრანსფერი მეკარეებში სარეკორდოდ ითვლებოდა.
მიუხედავად ყველაფრისა, თავად ბრაზილიელს არაერთხელ უთქვამს, რომ მას საუდის არაბეთის კლუბები ხელსაყრელი წინადადებით ხშირად მიმართავენ და როდესაც აზიაში წასვლას გადაწყვეტს, „ლივერპულის“ კარი საიმედო ხელში გადავა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი სეივების რაოდენობით წლევანდელ ზაფხულს გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო იყო, საქართველოს ნაკრები კი, რომლის კარსაც ის იცავდა, ტურნირის მთავარი აღმოჩენა გახდა.