ოლმო დაარეგისტრირეს - ბარსელონამ პრობლემა მოაგვარა
„ბარსელონამ“ რამდენიმე კვირის წინ „ლაიპციგიდან“ დამატებული დანი ოლმოს დარეგისტრირების პრობლემა მოაგვარა. კატალონიელებს ამის გაკეთების საშუალება ანდრეას კრისტენსენმა მისცა და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველს ამ შემთხვევაში განაცხადში, სწორედ დაშავებული დანიელის ნაცვლად შეიყვანენ.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ესპანეთის ლა ლიგაში მოქმედი რეგულაციების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ამა თუ იმ კლუბს რომელიმე მოთამაშე ტრავმის გამო ორი კვირიდან ექვს თვემდე ვადით გამოაკლდება, განაცხადში მისი სხვა, რეგისტრირებადი ფეხბურთელით ჩანაცვლება სრულიად შესაძლებელია. სწორედ მსგავსი სიტუაცია იყო, როდესაც „ბლაუგრანა“ ინიგო მარტინესის შემადგენლობის შეყვანას ვერ ახერხებდა და სიტუაცია რონალდ არაუხოს დაშავების შემდეგ შეიცვალა.
ხვალ, პრიმერას მესამე ტურში „ბარსა“ „ვალეკასზე“ „რაიოს“ ესტუმრება და თუ საჭირო დოკუმენტების გადაგზავნა მოესწრო, მაშინ ესპანეთის ნაკრების ნახევარდაცვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა კატალონიელებს შეუერთდება.
დანი ოლმოს ესპანეთის ნაკრების რიგებში ჩატარებულ 39 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი და მისთვის ყველაზე წარმატებული სანაკრებო ტურნირი გასულ ზაფხულს გერმანიაში გამართული ევროპის პირველობა იყო, სადაც „ფურია როხა“ ჩემპიონი გახდა.