„მე კონსტანტინე ვარ მსოფლიოს ჩემპიონი, გენო კი ჭიდაობის მეფეა“ - ახალი პეტრიაშვილი ჭიდაობის სცენაზე
იორდანიის დედაქალაქ ამანში გამართული მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა წონით კატეგორიებში ტრიუმფატორი თავისუფალი სტილით მოჭიდავეების შესახებ საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე ვრცელი და საინტერესო სტატია გამოქვეყნდა. ყურადღება გამახვილებული იყო ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროს ძმაზე, კონსტანტინე პეტრიაშვილზე, რომელიც ტურნირის ოქროს მედალოსანი გახდა.
რას წერენ კონსტანტინე პეტრიაშვილზე
უმცროსმა პეტრიაშვილმა გასული ორი დღის განმავლობაში საოცრად ჭკვიანური ჭიდაობა შემოგვთავაზა, რომელიც სტილით მისი ძმის გენოს მსგავსი იყო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 92 კილოგრამში მოიპოვა.
გასულ სეზონში კონსტანტინე პლანეტის პირველობაზე 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, წელს კი 92-ში აინაცვლა და სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში ივლისში ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. როგორც თავად გვითხრა, მომდევნო კვირაში ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში ძალების მოსინჯვას უკვე მსოფლიოს 20-წლამდე პირველობაზე გეგმავს.
ფინალში სანაკოევთან ბრძოლისას, მან მოწინააღმდეგის თითოეული შემოტევისას თავი უმაღლეს დონეზე დაიცვა და ქულები აქეთ აართვა. როდესაც 2:0 იყო დაწინაურებული, ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ეს უპირატესობა ბოლომდე დაეცვა, ბრძოლის დამთავრებამდე 30 წამით ადრე კი ყველას აჩვენა, რომ ჩემპიონობის ღირსი ის იყო.
„მე კონსტანტინე ვარ, მსოფლიოს ჩემპიონი 17-წლამდე ასაკის მოჭიდავეებში, ჩემი ძმა გენო კი საუკეთესოა და ჭიდაობის მეფეა. ჩემთვის პატივია, რომ როგორც მის ძმას ისე მიცნობენ“ - გვითხრა უნიჭიერესმა სპორტსმენმა ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ.
როგორც მოგახსენეთ, კონსტანტინე პეტრიაშვილმა ფინალში რუს მეტოქეს აჯობა, გადამწყვეტ შეხვედრამდე კი ორი ყირგიზი და ერთი ამერიკელი მოწინააღმდეგე დაამარცხა.