მამარდას ტრანსფერიდან თბილისის დინამო 3.5 მილიონ ევროს მიიღებს
როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელი გახდება, თუმცა იჯარის წესით, 1 წლით კვლავ ვალენსიაში დარჩება.
მერსისაიდული გრანდი გიორგის სანაცვლოდ ღამურებს 35 მილიონ ევროს გადაუხდის და საინტერესო ის გახლავთ, რომ ამ თანხიდან სარგებელს თბილისის დინამოც ნახავს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ 2021 წელს ვალენსიამ გიორგი დინამოდან 800 000 ევროს სანაცვლოდ იყიდა და კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც ღამურებიდან წასვლის შემთხვევაში, თბილისური კლუბი სატრანსფერო ღირებულების 10%-ს მიიღებდა.
ახლა კი კონტრაქტის ეს პუნქტი აუცილებლად ამოქმედდება და თბილისის დინამო 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ საუბარი ბორნმუთში 1-წლიან იჯარაზე მიდიოდა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა და ქართველი მეკარე, როგორც უკვე მოგახსენეთ ვალენსიაში დარჩება. ლივერპულს კი 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება.