ოპერაცია მამარდაშვილი | Marca ვალენსია-ლივერპულის მოლაპარაკებებზე
„ლივერპულსა“ და „ვალენსიას“ შორის გიორგი მამარდაშვილის შესახებ მოლაპარაკებებს ბოლო არ უჩანს. ეს სარისკო არ არის, თუმცა პროცესი კლუბებს შორის მრავალრიცხოვანი შეთანხმებების გამო, დამღლელი ხდება. ამის შესახებ Marca წერს.
ესპანური გამოცემის ცნობით, „ოპერაცია მამარდაშვილმა“ რამდენიმე ეტაპი გაიარა, რომლის ფარგლებშიც არანაკლებ 4 შეთავაზება გაკეთდა, თუმცა პრინციპული შეთანხმება ჯერაც არ არის მიღწეული.
რას წერს Marca?
„არც „ვალენსიას“ და არც „ლივერპულს“ არ უნდათ, რომ ეს საკითხი დახურულად ჩათვალონ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მეტ-ნაკლებად შეთანხმებულია, ეს ყველაფერი ფურცელზე უნდა აისახოს, რაც, როგორც ჩანს, არც ისე მარტივია“.
„ტრანსფერის თანხა დაახლოებით 40 მილიონ ევროს აღწევს, თუმცა ზუსტი თანხა და გადახდის მეთოდი უნდა დადგინდეს, რადგან „ვალენსიას“ სურს, რომ პირველი გადახდა რაც შეიძლება დიდი იყოს“.
„ყველაზე მთავარი საკითხი მამარდაშვილის იჯარაა - ქართველი მეკარე „ვალენსიაში“ არანაკლებ 1 წელი დარჩება, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ იჯარა კიდევ 1 წლით გაგრძელდეს (თუმცა ეს რთული იქნება). რა თქმა უნდა, ყველაფერი ალისონ ბეკერის სურვილზეა დამოკიდებული“.