გიორგი მიქაუტაძე, ალექსანდრ ლაკაზეტი
Aa
Aa

ერთით მეტი ლომი ლიონში? | ფრანგული გამოცემა მიქაუტაძესა და ლაკაზეტზე

ფრანგული გამოცემა, Lyonfoot-ი გიორგი მიქაუტაძის „ლიონში“ შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. სტატიის ავტორმა პიერ საჟის მთავარ თავსატეხზე ისაუბრა, რომელიც მიქაუტაძისა და ალექსანდრ ლაკაზეტის თანაარსებობას უკავშირდება.

„ლიონმა, გიორგი მიქაუტაძის გადაბირებით, სატრანსფერო ბაზარზე დიდი შეცდომა დაუშვა? აშკარაა, რომ მეცის ყოფილ თავდამსხმელს მოედანზე თავისი ადგილის პოვნა და ფეხბურთის თამაში უჭირს, მაღალი დონის ჩვენებაზე საუბარიც ხომ ზედმეტია. წნეხის ქვეშ მყოფი ქართველი სადებიუტო გოლს ეძებს, რათა თავი გაითავისუფლოს, მაგრამ რენთან გაფუჭებული პენალტისა და მონაკოსთან, ფლანგზე ნაჩვენები უღიმღამო გამოსვლის შემდეგ, უკმაყოფილების დამალვაც უჭირს.

მიქაუტაძემ მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებაზე, რომ მას ფლანგზე ემოქმედა, საჯაროდ ისაუბრა. მისი გარემარბის პოზიციაზე გადაყვანა ალექსანდრ ლაკაზეტის დაბრუნებით გახლდათ განპირობებული. გენერალმა, რომელმაც საუდის არაბეთში გადასვლაზე უარი თქვა, მონაკოსთან ითამაშა და გამოჩნდა, რომ ფიზიკურად 100 პროცენტით მზად არაა. მიუხედავად ამისა, პიერ საჟიმ მისი ძირითადში დაყენება გადაწყვიტა და შეუცვლელად ათამაშა.

მიქაუტაძესა და ლაკაზეტს მეგობრული ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ლიონის თავკაცს თავსატეხი გაუჩნდა. მას ორი ცენტრფორვარდით თამაში ვერ წარმოუდგენია და აშკარაა, რომ ლაკაზეტს მეორე ცხრიანთან თანაარსებობა უჭირს. ამინ სარი, მუსა დემბელე, გიფტ ორბანი, ჟან-ფილიპ მატეტა, კლაუდიო ბოვე და მემფის დეპაი. ესენი არიან თავდამსხმელები, რომლებიც ლიონში ლაკაზეტის მხარდამხარ თამაშობდნენ და სათანადო დონე ვერც ერთმა აჩვენა.

რატომ უნდა იყოს ყველაფერი უკეთესად გიორგი მიქაუტაძესთან მიმართებით, რომელსაც აქვს ამბიცია, ლაკაზეტს კონკურენცია გაუწიოს და უკვე მის მემკვიდრედ მოიხსენიებენ? პიერ საჟის გამოსავლის პოვნა მოუწევს, რომელიც გალიაში მყოფ ორ ლომს, მიქაუტაძესა და ლაკაზეტს ყველაზე ნაკლებად გაანაწყენებს. თუნდაც ეს გულისხმობდეს, ერთ-ერთის გაწირვას გუნდის სასიკეთოდ“, - წერს ფრანგული გამოცემა.

ცნობისთვის, „ლიონს“ 2-დან 2 წაგება აქვს და „მონაკოსთან“ 0:2 დამარცხდა. მიქაუტაძე თამაშში მე-17 წუთზე, ტრავმირებული ნუამას ნაცვლად ჩაერთო და შეტევაში პრაქტიკულად არაფერი გამოუვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართება | ნაპოლი კვარას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართება | ნაპოლი კვარას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს