ინტერესი იტალიიდან | ოგბაიძის გადაბირება სერია B-ს კლუბს სურს
„დენ ბოსხის“ ქართველი ფეხბურთელი, შალვა ოგბაიძე იტალიური კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა. Il Secolo XIX-ის ცნობით, 22 წლის შემტევის გადაბირებაზე სერია B-ში მოასპარეზე „სპეცია“ ფიქრობს და პირველი ნაბიჯიც გადადგა.
იტალიური გამოცემა წერს, რომ „პატარა არწივები“ ნიდერლანდურ კლუბს დაუკავშირდნენ და ოგბაიძის თაობაზე, ინფორმაცია გამოითხოვეს. „სპეცია“ დაინტერესდა, მზადაა თუ არა „დენ ბოსხი“ ქართველი ფეხბურთელის გასასხვისებლად. Il Secolo XIX-ის მიხედვით, უახლოეს დღეებში, კლუბები მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე გადავლენ და დიდი შანსია, „სპეციამ“ ტრანსფერი დახუროს.
იტალიური გაზეთის ცნობით, „პატარა არწივების“ მიზანი შემადგენლობის გაახალგაზრდავება და სერია B-ს ახალი სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებაა. მათ დიდი იმედი აქვთ, რომ ოგბაიძის გარიგებას ბოლომდე მიიყვანენ და მისი გადაყვანა ამბიციური პროექტის შექმნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.
საინტერესოა, რომ ოგბაიძეს „დენ ბოსხთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 225 000 ევროა.