იტალიანო კვარაზე: „ზუსტად მაშინ გაგვიტანა, როცა თამაშს ვიწყებდით“
ვინჩენცო იტალიანოს დიდი იმედი ჰქონდა, რომ „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იტალიის სერია A-ში სადებიუტო გამარჯვებას „ნაპოლისთან“ მოიპოვებდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ამაში მთავარი დამნაშავე ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც ჯერ არაჩვეულებრივი საგოლე გადაცემით გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო მოამარაგა, ხოლო შემდეგ თავად გაიტანა უზუსტესი და უძლიერესი დარტყმით გოლი. სწორედ ამ ეპიზოდზე გაამახვილა იტალიანომ მატჩის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე ყურადღება.
რა თქვა იტალიანომ
მატჩის გარდამტეხი მომენტი კვარაცხელიას გოლი იყო. ზუსტად ამ პერიოდში ჩემი ფეხბურთელები ცდილობდნენ ინიციატივის ხელში ჩაგდებას და ვფიქრობდი, რომ გათანაბრება დროის ამბავი გახლდათ და ასეც იქნებოდა ალოგიკური ბურთი რომ არ გაგვეშვა.
კვარაცხელიამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ზუსტად მაშინ გაგვიტანა, როდესაც თამაშის ხარისხი გავაუმჯობესეთ და მეტოქის ნახევარზე დამკვიდრებას ვცდილობდით.
შეგახსენებთ, რომ ვინჩენცო იტალიანო უკანასკნელ წლებში „ფიორენტინას“ ამზადებდა და ფლორენციული კლუბი კონფერენს ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ გაიყვანა, თუმცა ორივე შემთხვევაში ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კი მან „იუვენტუსში“ წასული ტიაგო მოტა შეცვალა.